ახალი ამბები

გიორგი გაბედავა სასამართლომ 450 ლარით დააჯარიმა

16 მაისი, 2018 • 1550
გიორგი გაბედავა სასამართლომ 450 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გაბედავა 450 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს. გიორგი გაბედავა  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 მაისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  კონტრაქციაზე სულ 19 ადამიანი დააკევს.  მათ შსს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი