ახალი ამბები

“მოვითხოვეთ, ყველა დაკავებულის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს” – თეთრი ხმაურის მოძრაობა

16 მაისი, 2018 • 1967
“მოვითხოვეთ, ყველა დაკავებულის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს” – თეთრი ხმაურის მოძრაობა

თეთრი ხმაურის მოძრაობა აცხადებს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოითხოვეს, შეწყდეს 12 მაისის ღამით დაკავებული ყველა პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს:

“შსს უკანონო დაკავებებსა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე ამბობს, რომ მათთან განცხადებები არ შესულა, თუმცა გადაცდომების არსებობას არ გამორიცხავს. ადმინისტრაციულად დაკავებულთა მიმართ კი სასამართლო დავები ამ დრომდე არ დაწყებულა. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა უკლებლივ ყველა დაკავებული პირის მიმართ ადმინსტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, რაზეც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს” – ვკითხულობთ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრი ხმაურის მოძრაობა აცხადებს, რომ შეხვედრის ძირითადი საკითხი შეეხებოდა კლუბებში განხორციელებული ოპერაციის საფუძვლებს, 12 მაისის ღამის დაკავებებს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებსა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას.  

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ  ოპერაციის საფუძვლად შსს ასახელებს მანამდე არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 12 მაისის ღამეს კლუბებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა რეალიზაციის ფაქტებს ქონოდა ადგილი:

“თუმცა, როგორც მოგვიანებით ვნახეთ, სპეცოპერაციის დღეს კლუბებში არცერთი რეალიზატორი არ დაუკავებიათ. მეორე მიზეზად სამინისტრო უცნობი სუბსტანციის გამოჩენის ფონზე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს. ითქვა, რომ მათ იციან, კლუბ ბასიანის ადმინისტრაცია გარეული არაა რეალიზაციის საქმეში, მაგრამ ეს გარემოება ღონისძიებას ვერ შეაკავებდა. რაც შეეხება კლუბ “გალერის”, მათი თქმით, კლუბის ერთ-ერთი თანამშრომლის პასუხისმგებლობა იკვეთებოდა, რომელიც დაკავებულია კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა შიგნით. ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი, თუ რატომ “ბასიანი”, “გალერი” და “ბლოუ-ბარი”, როცა სასამართლოს განჩინება ჩხრეკაზე გაცემული იყო სხვა კლუბებზეც” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მოძრაობაში ამბობენ, რომ კლუბებში შეიარაღებული სპეცრაზმის შესვლას შსს-ში იმით ხსნიან, რომ თავიდან აეცილებინათ დაცვის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობა, რაც მოძრაობის შეფასებით კომიკურია:

“სამინისტრო არ თვლის, რომ დაირღვა შეკრების და მანიფესტაციის უფლება, ხალხის პოლიციის კორდონებით ხელოვნურად განცალკევებას ისინი გზის გადაკეტვის თავიდან აცილების მიზნით ხსნიან. შსს უკანონო დაკავებებსა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე ამბობს, რომ მათთან განცხადებები არ შესულა, თუმცა გადაცდომების არსებობას არ გამორიცხავს. ადმინისტრაციულად დაკავებულთა მიმართ კი სასამართლო დავები ამ დრომდე არ დაწყებულა. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა უკლებლივ ყველა დაკავებული პირის მიმართ ადმინსტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, რაზეც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს” – ამბობენ თეთრი ხმაურის მოძრაობაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძრაობის წევრთა უკმაყოფილება შეცდომის უმნიშვნელო აღიარებამ გამოიწვია, რადგან ვერ მიიღეს მინისტრის ბოდიშის სამართლებრივი და პოლიტიკური დასტური.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში ვკითულობთ, რომ  დააყენეს მოთხოვნა შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობაზე, რადგან მიიჩნევენ,, ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთა ნაწილში სწორედ ამ უწყების პრეროგატივა უნდა გახდეს:

“ მოთხოვნაზე მივიღეთ მზაობა და ველით დროის შეთანხმებას. შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია, უკიდურესი ვადა არის ამ კვირის შაბათი. სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს, გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ გადავინაცვლებთ საპროტესტო რეჟიმში”,-  ვკითხულობთ განცხადებაში.


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი