ახალი ამბები

ბესელია შემოქმედებითი თავისუფლების კანონპროექტზე: ეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა

16 მაისი, 2018 • 2189
ბესელია შემოქმედებითი თავისუფლების კანონპროექტზე: ეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ კანონპროექტი, რომლითაც სასამართლოს უფლება ენიჭება, გარკვეულ შემთხვევებში შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება აკრძალოს,  კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არსებულ ჩანაწერთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანით არის ნაკარნახევი.

ამ ცვლილებას არ ეთანხმებიან ის იურისტები და შემოქმედების სფეროში მომუშავე ადამიანები, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და ცენზურის ნიშნებს შეიცავს.

“ზუსტად იგივე, სიტყვა-სიტყვით არის გადმოტანილი კონსტიტუციის ეს ერთი წინადადება, დაემატა ორივე კანონს, კულტურის შესახებ კანონს და სამოქალაქო კოდექსს…. რაც ახლა წაიკითხეს, როგორც ჩანს და ცოტა მიკვირს იმ სფეროს ადამიანებისგან, ვინც ამ კანონს წესით უნდა იცნობდეს.  ანუ, არაფერი არ შეცვლილა”- განაცხადა ეკა ბესელიამ მედიასთან საუბრისას.

მანვე ფეისბუკზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა და კონსტიტუციის ახალ რედაქციასთაან კანონმდებლობის ჰარმონიზებას ისახავს მიზნად:

„კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დაცვის გაზრდილ სტანდარტებთან მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზება. შესაბამისად, რიგ საკანონმდებლო აქტებში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და “კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში) წარმოდგენილ იქნა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და მათში სრულად ინტეგრირდა ახალი კონსტიტუციის ჩანაწერი,”- განაცხადა მან.

 


საქართველოში 1997 წლიდან არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. თუმცა გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე  იურისტების, გიორგი მშვენიერაძისა [GDI] და გიორგი გოცირიძის (საია) ინფორმაციით, ამ მუხლს პრაქტიკაში არასდროს უმუშავია, რადგან მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა.

ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება და რომლის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში წერია:

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს

ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრებმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და ეკა ბესელიამ პარლამენტში განსახილველად დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც მათი თქმით, ზემოხსენებული საკონსტიტუციო ნორმის კანონმდებლობაში გადმოტანას ითვალისწინებს.

ახალი კანონპროექტით, ძალაში რჩება 1997 წლიდან არსებული ნორმა და უკვე სასამართლოს ექნება უფლებამოსილება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.

იურისტები – გიორგი გოცირიძე და გიორგი მშვენიერაძე ამ იდეაში საფრთხეს ხედავენ გამოხატვის თავისუფლებისთვის. გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, უკვე არსებული აკრძალვა, რომელიც ვერ ხორციელდებოდა, რადგან მისი აღსრულების მექანიზმი არ იყო ეფექტური, ახლა შესაძლოა რეალობად იქცეს.

რაც შეეხება საკითხს, რომ ეს ცვლილებები ნაკარნახევია კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არსებულ ჩანაწერთან კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით, TI ამას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ეს ორი სხვადასხვა რამ არის:

“როგორც კონსტიტუციის მოქმედ ნორმაში, ასევე ახალ რედაქციაში, საუბარია კონკრეტული პირის უფლების შელახვაზე, რაც გულისხმობს ძირითადად ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებასა და ასევე ადამიანის სხვა ძირითად უფლებებს. ასეთ შემთხვევაში პირს დღესაც აქვს უფლება უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

შესაბამისად, არ შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებებით იყოს გამართლებული საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც არა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არამედ შუღლის გაღვივების და პორნოგრაფიის პროპაგანდის მიზნით ზღუდავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას.

ამრიგად, კანონპროექტი, წარდგენილი ფორმით, ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ძირითადი უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე მოქმედ კონსტიტუციას, და საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებების შემთხვევაში”- ვკითხულობთ TI-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი