ახალი ამბები

ანა სუბელიანის მიმართ მუქარაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

16 მაისი, 2018 • 3177
ანა სუბელიანის მიმართ მუქარაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ანა სუბელიანის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაიწყო მედიაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.

15 მაისს “რუსთავი 2″-ზე, გადაცემა “არჩევანში” ანა სუბელიანმა განაცხადა, რომ აქციაზე “თავისუფლებისთვის” 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო ემუქრებიან, ასევე, აპელირებენ მის 8 წლის შვილზე.

“არ ვთვლი, რომ ბოდიშების ტონით გვაქვს სასაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებმაც მე ცეკვის გამო და სიწმინდეების სახელით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმხელა აგრესია დამატეხეს და იმხელა მუქარების ქვეშ ვარ. მთელი ამ დღეების განმავლობაში მე მემუქრებიან ბავშვით, მყავს 8 წლის შვილი და შვილზე აპელირებენ. ვარ ძალიან უშიშარი ადამიანი, მაგრამ რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა. მაგრამ ამის გამო მე არ ვაპირებ, რომ შევწყვიტო გარეთ სიარული, არ ვაპირებ, რომ უკან დავიხიო ბრძოლებში და ვფიქრობ, რომ ზუსტადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ დაიცვას ჩემი უსაფრთხოება,”- განაცხადა ანი სუბელიანმა.

14 მაისს გამართულ აქციაზე სუბელიანმა თქვა, რომ ცეკვა მისთვის თავისუფლების აქტი იყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელი შეიძლება ყოფილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი