ახალი ამბები

TI: ბესელია-გოგიჩაიშვილის ინიციატივა გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის

16 მაისი, 2018 • 2373
TI: ბესელია-გოგიჩაიშვილის ინიციატივა გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონდებლო ინიციატივა, გამოხატვის თავსისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ინიციატივის თანახმად, სასამართლოს მიეცემა უფლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან.

“კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

როგორც კონსტიტუციის მოქმედ ნორმაში, ასევე ახალ რედაქციაში, საუბარია კონკრეტული პირის უფლების შელახვაზე, რაც გულისხმობს ძირითადად ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებასა და ადამიანის სხვა ძირითად უფლებებს. ასეთ შემთხვევაში პირს დღესაც აქვს უფლება, უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

შესაბამისად, არ შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებებით იყოს გამართლებული საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც არა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, არამედ შუღლის გაღვივების და პორნოგრაფიის პროპაგანდის მიზნით ზღუდავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას.

ამრიგად, კანონპროექტი, წარდგენილი ფორმით, ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ძირითადი უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე მოქმედ კონსტიტუციას, და საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებების შემთხვევაში,”- აცხადებს TI.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს და “კულტურის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმაც შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუციასთან.

“საქართველოსთვის, რომელიც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა და რომლის გაცხადებული მიზანიც ევროპულ სივრცეში ინიტეგრირებაა,  გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული მნიშვნელობის უფლებასა და ღირებულებას წარმოადგენს. თითოეული საკანონდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეეხება, სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის,”- ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი