მერია: ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის 16 ჰა მიწა მოვიძიეთ

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, თბილისში მოძიებულია 16 ჰა მიწა, რომელზეც  ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული წევრების სახლები აშენდება.

მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება ვერ შეძლეს.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს წარმოადგენენ, რომლებმაც თავის დროზე ბინათმშენებლობის ღირებულება გადაიხადეს, თუმცა სახელმწიფომ ამ ბინების მშენებლობა ვერ შეძლო და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც სახელმწიფოს ზემოთ ხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლითაც პირველ ეტაპზე, მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება.

კალაძის თქმით, მერიამ შეიმუშავა რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდებიან ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები, შემდეგ კი, ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები.

კალაძემ აღნიშნა, რომ სოციალური სარეიტინგო ქულები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებით  დადგენილი წესით დგინდება. დაზარალებულთა იმ ნაწილს, რომელსაც სარეიტინგო ქულა არ გააჩნია, შეუძლია, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიმართოს, განაცხადა თბილისის მერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com