ახალი ამბები

საქართველოს ბანკის დაყაჩაღების გამო სამ ადამიანს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

16 მაისი, 2018 • 1989
საქართველოს ბანკის დაყაჩაღების გამო სამ ადამიანს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისში საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით სამ ადამიანს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 9:00 საათზე ლ.ს და ბ.გ. შეიჭრნენ ქ.თბილისში, ქინძმარაულის შესახვევში მდებარე “საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვისცენტრის ფილიალში, ხოლო გ.გ. ცდილობდა გარე პერიმეტრის გაკონტროლებას.

გამოძიება ამტკიცებს, რომ თავდასხმის დროს ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბანკის მოლარე-ოპერატორს, რის შემდეგადაც თავდამსხმელები ჯგუფურად დაეუფლნენ “საქართველოს ბანკის“ კუთვნილ თანხას 4254 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველების ცნობით, გ.გ. და ლ.ს.  2017 წლის 20 დეკემბერს ქ.თბილისში, ხოლო ბ.გ. 2017 წლის 21 დეკემბერს ქ.ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად)  წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი