“ბასიანისა” და “გალერის” საკითხზე გიორგი გახარიას პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 18 მაისს პარლამენტში წარდგება, განსახილველ საკითხებს შორის “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციაც იქნება.

ბიუროს გადაწყვეტილებით, მოსმენა ჩატარდება 18 მაისის პლენარულ სხდომაზე. შსს-ს მინისტრის მომართვის საფუძველზე, მოსმენა გაიმართება სამ საკითხზე:

  • 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ;
  • შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ;
  • 2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com