ახალი ამბები

კიმ ჩენ ინის შეხვედრა დონალდ ტრამპთან, შესაძლოა, გაუქმდეს

16 მაისი, 2018 • 1654
კიმ ჩენ ინის შეხვედრა დონალდ ტრამპთან, შესაძლოა, გაუქმდეს

ჩრდილოეთ კორეამ გააუქმა. დღეს, 16 მაისს, დაგეგმილი მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან. მოლაპარაკებების გაუქმების მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გახდა.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA წერს, რომ სამხედრო წვრთნები პროვოკაცია და [ჩრდილოეთ კორეაში] შეჭრის რეპეტიციაა.

ჩრდილოეთ კორეამ ასევე გააფრთხილა აშშ, რომ შესაძლოა, 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი ისტორიული შეხვედრა გაუქმდეს. დონალდ ტრამპმა მოწვევა კიმ ჩენ ინისგან 2018 წლის მარტში მიიღო. შეხვედრის ორგანიზებისთვის CIA-ის ხელმძღვანელი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს საიდუმლოდ შეხვდა.

BBC-ის ცნობით, ბრაზიანი ტონით დაწერილ განცხადებაში ჩრდილოეთ კორეის ვიცესაგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მკაცრ განცხადებებსა და ბოროტ განზრახვებში ადანაშაულებს. დაგეგმილია, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამის მომავალი განიხილონ.

27 აპრილს ასევე გაიმართა შეხვედრა კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე ინს შორის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 1953 წლის შემდეგ, როცა ჩრდილოეთ კორეის მმართველმა სამხრეთ კორეის მიწაზე დადგა ფეხი. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ფორმალური საომარი მდგომარეობაა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ისინი აგრძელებენ შეხვედრისთვის მზადებას და ჩრდილოეთ კორეისგან მათთვის პოზიციის ცვლილების შესახებ არ უცნობებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი