ახალი ამბები

ანი სუბელიანი აცხადებს, რომ მემორიალზე ცეკვის გამო ემუქრებიან

16 მაისი, 2018 • 16291
ანი სუბელიანი აცხადებს, რომ მემორიალზე ცეკვის გამო ემუქრებიან

12 მაისის მოვლენების შემდეგ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით გამართული აქციის თანაორგანიზატორი ანი სუბელიანი ამბობს, რომ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო მას ემუქრებიან, მათ შორის, აპელირებენ მის 8 წლის შვილზე.

მან ეს განცხადება 15 მაისს “რუსთავი 2-ზე”, გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.

“არ ვთვლი, რომ ბოდიშების ტონით გვაქვს სასაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებმაც მე ცეკვის გამო და სიწმინდეების სახელით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმხელა აგრესია დამატეხეს და იმხელა მუქარების ქვეშ ვარ. მთელი ამ დღეების განმავლობაში მე მემუქრებიან ბავშვით, მყავს 8 წლის შვილი და შვილზე აპელირებენ. ვარ ძალიან უშიშარი ადამიანი, მაგრამ რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა. მაგრამ ამის გამო მე არ ვაპირებ, რომ შევწყვიტო გარეთ სიარული, არ ვაპირებ, რომ უკან დავიხიო ბრძოლებში და ვფიქრობ, რომ ზუსტადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ დაიცვას ჩემი უსაფრთხოება,”- განაცხადა ანი სუბელიანმა.

14 მაისს გამართულ აქციაზე სუბელიანმა თქვა, რომ ცეკვა მისთვის თავისუფლების აქტი იყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელი შეიძლება ყოფილიყო.

ანა სუბელიანი: ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ჩემთვის ეს თავისუფლების აქტი იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი