ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

დეისაძე: შევებრძოლები ასეთ ვულგარულ კანონებს, თუნდაც ვულგარული პორნოგრაფიით

15 მაისი, 2018 • 8161
დეისაძე: შევებრძოლები ასეთ ვულგარულ კანონებს, თუნდაც ვულგარული პორნოგრაფიით

“რა თქმა უნდა, ეს არის ცენზურა” – ასე ეხმაურება არტისტი ერეკლე დეისაძე საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ენიჭება გარკვეული ტიპის შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის უფლებამოსილება.

როგორც დეისაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ამ გზით ხელისუფლებას შეუძლია შეზღუდოს ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება:

“პირადად ჩემი შემთხვევა რომ ავიღოთ, ჩემი სიმღერით და წიგნებით საზოგადოების გარკვეული ნაწილი ყოველთვის შეურაცხყოფილია – რა გამოდის, სასამართლომ უნდა დაადგინოს ჩემი ბრალეულობა ამ შემთხვევაში? ეს ხომ მისი პრეროგატივა არ არის. მე მგონია, ეს საბჭოთა გადმონაშთია, რომელსაც ცდილობენ, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში დანერგონ.

მე სანამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და სანამ ცოცხალი ვარ, ყველანაირი მეთოდით შევებრძოლები ასეთ ვულგარულ კანონებს, თუნდაც ვულგარული პორნოგრაფიით, რასაც ასე ებრძვის ბესელია”,-  ამბობს არტისტი.

როგორც ერეკლე დეისაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მისი აზრით, ინიციატივა კანონად ქცევის შემთხვევაში სისტემისთვის მართვის ბერკეტი იქნება და მას გამოიყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ხელისუფლებისგან განსხვავებული მოსაზრებები ექნებათ:

“ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია და მე მგონია, რომ ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, ასეთი რამის არსებობას არ დაუშვებს და მეც ყველა მეთოდით შევეწინააღმდეგები”, – ამბობს დეისაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

არტისტის თქმით, ამ თემამ ეტაპობრივად წამოიწია. მუსიკოსი და მწერალი მიიჩნევს, რომ საშიში სიგნალი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებაც “აიისას” საქმეზე:

“ეს ძალიან საშიში სიგნალი იყო. მაშინ საზოგადოების გარკვეული ნაწილის გული იმით მოიგეს, რომ ეს ეხებოდა სიწმინდეს, რომელიც თითიდან გამოწოვილი მტკიცებულება იყო. ნებისმიერი რამ შეიძლება მათ აღქმაში რელიგიურ სიწმინდედ ჩაითვალოს. ასეთი ინიციატივები ქვეყანას აბრუნებს წარსულში, ხელს უშლის განვითარებაში. ერთადერთი იდენტობა, რაც მე მაქვს ამ ქვეყანასთან, არის თავისუფლება და ამას ყველაფრის ფასად დავიცავ” – ამბობს დეისაძე.

მისი თქმით, თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, არ იქნება გასაკვირი, ხელისუფლება ცენზურის უფრო რადიკალურ ფორმებზეც გადავიდეს ამ კანონის აღსრულებისთვის:

“ალბათ, ბოლოს ინტერნეტს, Google-ს გათიშვენ – ალბათ ამას გულისხმობენ გავრცელების აკრძალვაში. იმიტომ, რომ დღეს ბეჭდური მედიის გარდა სოციალური მედია და ინტერნეტი არსებობს, რაც უსაზღვრო წყაროა. თუ ეს კანონპროექტი მიიღეს, ვფიქრობ, ამის გაკონტროლება გაუჭირდებათ, თუ უარეს რამეს არ გააკეთებენ. თუმცა, თუ აქამდე მივიდა საქმე, არ იქნება გასაკვირი, რომ ხვალ და ზეგ ინტერნეტიც გამოგვირთონ” – ამბობს ერეკლე დეისაძე “ნეტგაზეთთან”.


საქართველოში 1997 წლიდან არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც შემოქმედებით ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. თუმცა გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე  იურისტების, გიორგი მშვენიერაძისა [GDI] და გიორგი გოცირიძის (საია) ინფორმაციით, ამ მუხლს პრაქტიკაში არასდროს უმუშავია, რადგან მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. გოცირიძის თქმით, ამ მუხლის აღსრულების პრეროგატივა სავარაუდოდ კულტურის სამინისტროს ჰქონდა, მაგრამ არასდროს გამოუყენებია.

ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება და რომლის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში წერია:

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს

ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრებმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და ეკა ბესელიამ პარლამენტში განსახილველად დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც მათი თქმით, ზემოხსენებული საკონსტიტუციო ნორმის კანონმდებლობაში გადმოტანას ითვალისწინებს.

ამ კანონპროექტით სასამართლოს ენიჭება უფლება, რომ სამოქალაქო წესით განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

კანონპროექტით, ძალაში რჩება 1997 წლიდან არსებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ახლა უკვე სასამართლოს ექნება უფლებამოსილება აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.

იურისტები გიორგი გოცირიძე და გიორგი მშვენიერაძე ამ იდეაში საფრთხეს ხედავენ გამოხატვის თავისუფლებისთვის. გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, უკვე არსებული აკრძალვა, რომელიც ვერ ხორციელდებოდა, რადგან მისი აღსრულების მექანიზმი არ იყო ეფექტური, ახლა შესაძლოა რეალობად იქცეს.

“ამ ახალი კანონპროექტით ჩნდება მექანიზმი, რომ სასამართლომ განიხილოს ეს საქმეები და კონსტიტუციისგან განსხვავებით (კონსტიტუციაში მხოლოდ ადამიანის უფლებები წერია) აქ ჩნდება სხვა ჩამონათვალი, სხვა ლეგიტიმური მიზნები, როცა შეიძლება შეიზღუდუოს გამოხატვის თავისუფლება”,- ამბობს მშვენიერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გიორგი გოცირიძის განმარტებით, 1997 წლიდან უკვე მოქმედი და ახლად ინიცირებული ჩანაწერიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის პრობლემურია, რადგან ის არ შეიცავს მყისიერი საფრთხის ტესტს. ანუ იურისტის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება შუღლის გაღვივების მოტივით შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალადობის მყისიერ საფრთხეს შეიცავს, ამ შემთხვევაში კი ასეთი დათქმა არც დღეისათვის უკვე მოქმედ და არც ინიცირებულ კანონპროექტში არ გვხვდება. მისივე თქმით, პრობლემურია პორნოგრაფიის პროპაგანდის ნაწილიც, რადგან ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, რა არის პორნოგრაფიის პროპაგანდა.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას, არ იზიარებს მისი ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი. დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პირიქით, სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა იწევს, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა ახალი კანონპროექტის მიხედვით სასამართლოს პრეროგატივა ხდება, მაშინ როდესაც დღეს ჯერ კიდევ ძალაშია 1997 წელს მიღებული ნორმა, ეს ნებისმიერმა უწყებამ შეიძლება გააკეთოს. მისი თქმით, მათი კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და კონსტიტუციაში მიღებული ნორმის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

ის არ თვლის, რომ ეს არის “მკვდარი ნორმის” გაცოცხლების პროცესი. მიუხედავად ამისა, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ ვინმეს შენიშვნები აქვს ჯერ კიდევ 1997 წელს დამტკიცებულ ჩანაწერთან და არა ახალთან, რადგან აკრძალვის ახალი კრიტერიუმები მას არ დაუწესებია, ის დისკუსიისთვის მზად არის. დეპუტატს ასევე უკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ იყვნენ ჩუმად უფლებადამცველები ამ ნორმასთან დაკავშირებით, თუ ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ.

“თუ არსებული ნორმის მიმართ არის პრეტენზია, საუბარია ძველ ნორმაზე, პორნოგრაფია და პროპაგანდა მე ხომ არ დამიწერია, დაინტერესებულ ადამიანებთან, ბუნებრივია, ამ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დისკუსია, ოღონდ ძველ ნორმაზე და არა ახალზე. ახალი ცვლილება არ არის ცენზურა. ეს არის კონსტიტუციური ნორმის გადატანა კანონმდებლობაში.  ტექნიკური საკითხია. აჟიოტაჟი, რომ ეს არის ცენზურა და ა.შ. თითიდან გამოწოვილია”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ამავე თემაზე გირჩევთ

ეს არ არის ცენზურა – ლევან გოგიჩაიშვილი ინიცირებულ კანონპროექტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი