ლია უკლება: ნამდვილად არ ვაპირებ გაჩუმებას, რა კანონიც არ უნდა მიიღონ

მხატვარი ლია უკლება მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას აკრძალოს გარკვეული ტიპის შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, ხელისუფლების ხელში ცენზურის იარაღად გადაიქცევა.

“ამ ინიციატივას განვიხილავ, როგორც ცენზურას და დიდ შეცდომას პოლიტიკოსების მხრიდან. მათ პროცესები არასწორი მიმართულებით მიჰყავთ. ვფიქრობ, ეს კარგად არ დასრულდება. შეუძლებელია ჩვენ მდგომარეობას შევეგუოთ. მე ნამდვილად არ ვაპირებ გაჩუმებას, რა კანონიც არ უნდა მიიღონ. ამ ინიციატივის დაყენების ერთ-ერთი მიზეზია რელიგიური წნეხი, რომელიც საპატრიარქოდან მოდის. ფაქტია, რომ სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს საფრთხე ემუქრება. თუ დღეს გავჩუმდებით, მივიღებთ ირანს, რისი რეალური საფრთხეც არსებობს” – ამბობს უკლება “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ლია უკლება თვითნასწავლი მხატვარია. ის ძირითადად ქალთა პრობლემებსა და ფემინიზმის თემაზე მუშაობს. მისი ნახატები განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა. უკლებას ნამუშევარს, რომელზეც  მარიამ ღვთისმშობელი პისტოლეტით თავს იკლავს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ქადაგებისას ქვეყნისა და სარწმუნოების შეურაცხყოფა უწოდა.

მხატვრის თქმით, ეს ინიციატივა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და შეიძლება ცენზურის იარაღაც იქცეს:

კანონპროექტი იქნება ინტერპრეტირებული ისე, როგორც მათ მოუნდებათ. საკუთარი სურვილისამებრ დაჭრიან და შეკერავენ. არცერთ შემთხვევაში დადებით შედეგებს არ მოიტანს ქვეყნისთვის. ცენზურა ყოველთვის ნეგატიურია. არა მხოლოდ ხელოვანისთვის არის ამ ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვანი, გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.  არცერთი არასწორი ქმედება არ შევარჩინოთ ამ ხელისუფლებას – უკან არ უნდა დავიხიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კანონი იქნება ჩვენი დისკრედიტაციისკენ მიმართული . გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ძალიან დიდი შეცდომა და ცუდი პრეცედენტია ქვეყნისთვის.
” – ამბობს მხატვარი.


საქართველოში 1997 წლიდან არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც შემოქმედებით ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. თუმცა გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე  იურისტების, გიორგი მშვენიერაძისა [GDI] და გიორგი გოცირიძის (საია) ინფორმაციით, ამ მუხლს პრაქტიკაში არასდროს უმუშავია, რადგან მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. გოცირიძის თქმით, ამ მუხლის აღსრულების პრეროგატივა სავარაუდოდ კულტურის სამინისტროს ჰქონდა, მაგრამ არასდროს გამოუყენებია.

ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება და რომლის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში წერია:

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს

ცოტა ხნის წინ პარლამენტის წევრებმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და ეკა ბესელიამ პარლამენტში განსახილველად დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც მათი თქმით, ზემოხსენებული საკონსტიტუციო ნორმის კანონმდებლობაში გადმოტანას ითვალისწინებს.

ამ კანონპროექტით სასამართლოს ენიჭება უფლება, რომ სამოქალაქო წესით განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

კანონპროექტით, ძალაში რჩება 1997 წლიდან არსებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ახლა უკვე სასამართლოს ექნება უფლებამოსილება აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.

იურისტები გიორგი გოცირიძე და გიორგი მშვენიერაძე ამ იდეაში საფრთხეს ხედავენ გამოხატვის თავისუფლებისთვის. გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, უკვე არსებული აკრძალვა, რომელიც ვერ ხორციელდებოდა, რადგან მისი აღსრულების მექანიზმი არ იყო ეფექტური, ახლა შესაძლოა რეალობად იქცეს.

“ამ ახალი კანონპროექტით ჩნდება მექანიზმი, რომ სასამართლომ განიხილოს ეს საქმეები და კონსტიტუციისგან განსხვავებით (კონსტიტუციაში მხოლოდ ადამიანის უფლებები წერია) აქ ჩნდება სხვა ჩამონათვალი, სხვა ლეგიტიმური მიზნები, როცა შეიძლება შეიზღუდუოს გამოხატვის თავისუფლება”,- ამბობს მშვენიერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გიორგი გოცირიძის განმარტებით, 1997 წლიდან უკვე მოქმედი და ახლად ინიცირებული ჩანაწერიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის პრობლემურია, რადგან ის არ შეიცავს მყისიერი საფრთხის ტესტს. ანუ იურისტის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება შუღლის გაღვივების მოტივით შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალადობის მყისიერ საფრთხეს შეიცავს, ამ შემთხვევაში კი ასეთი დათქმა არც დღეისათვის უკვე მოქმედ და არც ინიცირებულ კანონპროექტში არ გვხვდება. მისივე თქმით, პრობლემურია პორნოგრაფიის პროპაგანდის ნაწილიც, რადგან ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, რა არის პორნოგრაფიის პროპაგანდა.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას, არ იზიარებს მისი ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი. დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პირიქით, სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა იწევს, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა ახალი კანონპროექტის მიხედვით სასამართლოს პრეროგატივა ხდება, მაშინ როდესაც დღეს ჯერ კიდევ ძალაშია 1997 წელს მიღებული ნორმა, ეს ნებისმიერმა უწყებამ შეიძლება გააკეთოს. მისი თქმით, მათი კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და კონსტიტუციაში მიღებული ნორმის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

ის არ თვლის, რომ ეს არის “მკვდარი ნორმის” გაცოცხლების პროცესი. მიუხედავად ამისა, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ ვინმეს შენიშვნები აქვს ჯერ კიდევ 1997 წელს დამტკიცებულ ჩანაწერთან და არა ახალთან, რადგან აკრძალვის ახალი კრიტერიუმები მას არ დაუწესებია, ის დისკუსიისთვის მზად არის. დეპუტატს ასევე უკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ იყვნენ ჩუმად უფლებადამცველები ამ ნორმასთან დაკავშირებით, თუ ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ.

“თუ არსებული ნორმის მიმართ არის პრეტენზია, საუბარია ძველ ნორმაზე, პორნოგრაფია და პროპაგანდა მე ხომ არ დამიწერია, დაინტერესებულ ადამიანებთან, ბუნებრივია, ამ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დისკუსია, ოღონდ ძველ ნორმაზე და არა ახალზე. ახალი ცვლილება არ არის ცენზურა. ეს არის კონსტიტუციური ნორმის გადატანა კანონმდებლობაში.  ტექნიკური საკითხია. აჟიოტაჟი, რომ ეს არის ცენზურა და ა.შ. თითიდან გამოწოვილია”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.