ახალი კანონპროექტი საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას – მშვენიერაძე

იურისტი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სასამართლოს ენიჭება უფლება განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

კულტურის შესახებ საქართველოს კანონში დღესაც წერია, რომ იკრძალება შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ. როგორც მშვენიერაძე განმარტავს, 1997 წელს, როდესაც პარლამენტმა მიიღო კანონი კულტურის შესახებ, ზემოთ აღნიშნული დებულება ჩაწერა, თუმცა კანონს არასდროს უმოქმედია და ვერც იმოქმდებდა, რადგან არ იყო განსაზღვრული მექანიზმი, ვის შეეძლო მიმართვა და ვისთვის უნდა მიემართა.

“ამ ახალი კანონპროექტით ჩნდება მექანიზმი, რომ სასამართლომ განიხილოს ეს საქმეები და კონსტიტუციისგან განსხვავებით (კონსტიტუციაში მხოლოდ ადამიანის უფლებები წერია) აქ ჩნდება სხვა ჩამონათვალი, სხვა ლეგიტიმური მიზნები, როცა შეიძლება შეიზღუდუოს გამოხატვის თავისუფლება”,- ამბობს მშვენიერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან. კერძოდ კანონპროექტის ავტორები, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი გულისხმობენ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტს სადაც წერია, რომ “შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს”.

გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, კონსტიტუციურ ჩანაწერს არ გააჩნია პრობლემა და თუ შემოქმედებითი ნაწარმოები პირადად ლახავს რომელიმე ადამიანის უფლებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს საშუალება მიმართოს სასამართლოს და მიაღწიოს იმასაც, რომ კონკრეტული ნაწარმოების გავრცელება აიკრძალოს.

როგორ შეიძლება შემოქმედებითი ნაწარმოები ლახავდეს ადამიანის უფლებას? – იურისტის განმარტებით, მაგალითად, შესაძლებელია, რომ კონკრეტული ნაწარმოები მის საავტორო უფლებებს ლახავდეს. იგი ასევე იხსენებს აშშ-ში არსებულ სამართლებრივ დავას, როცა წიგნში აღწერილი იყო ცოცხალი ადამიანის ცხოვრება და ზოგიერთი ფაქტი იმდენად იყო დამახინჯებული, რომ საზოგადოებაში აჩენდა მისი ცხოვრების შესახებ განსხვავებულ წარმოდგენებს. სწორედ ასეთ შემთხვევაშია მისაღები შემოქმედებით ნაწარმოების აკრძალვა.

მშვენიერაძის თქმითვე, კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, შეეხება არა მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ გამოსულ შემოქმედებით ნაწარმოებებს, არამედ იქამდე არსებულ ნაწარმოებებსაც.

დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში. კანონპროექტით, აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და კულტურის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ცენზურა არ წესდება, თუმცა დეპუტატი დაინტერესებულ ადამიანებთან დისკუსიისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნას, არ იზიარებს მისი ერთ-ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი. დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პირიქით, სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა იწევს, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს პრეროგატივა ხდება, მაშინ, როდესაც დღეს ჯერ კიდევ ძალაშია 1997 წელს მიღებული ნორმა, ეს ნებისმიერმა უწყებამ შეიძლება გააკეთოს. მისი თქმით, კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და კონსტიტუციაში მიღებული ნორმის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

ის არ თვლის, რომ ეს არის “მკვდარი ნორმის” გაცოცხლების პროცესი. მიუხედავად ამისა, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თუ ვინმეს შენიშვნები აქვს ჯერ კიდევ 1997 წელს დამტკიცებულ ჩანაწერთან და არა ახალთან, რადგან აკრძალვის ახალი კრიტერიუმები მას არ დაუწესებია, ის დისკუსიისთვის მზად არის. დეპუტატს ასევე უკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ იყვნენ ჩუმად უფლებადამცველები ამ ნორმასთან დაკავშირებით, თუ ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ.

“თუ არსებული ნორმის მიმართ არის პრეტენზია, საუბარია ძველ ნორმაზე, პორნოგრაფია და პროპაგანდა მე ხომ არ დამიწერია, დაინტერესებულ ადამიანებთან, ბუნებრივია, ამ საკითხზე შეიძლება გაიმართოს დისკუსია, ოღონდ ძველ ნორმაზე და არა ახალზე. ახალი ცვლილება არ არის ცენზურა. ეს არის კონსტიტუციური ნორმის გადატანა კანონმდებლობაში.  ტექნიკური საკითხია. აჟიოტაჟი, რომ ეს არის ცენზურა და ა.შ. თითიდან გამოწოვილია”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com