ახალი ამბები

მეტროს 2 ვაგონში მონიტორები დამონტაჟდა, რომლებზეც სადგურების სახელები გამოჩნდება

15 მაისი, 2018 • 3737
მეტროს 2 ვაგონში მონიტორები დამონტაჟდა, რომლებზეც სადგურების სახელები გამოჩნდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს დასრულდა თბილისის მეტროსადგურის ვაგონების ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ ვაგონებში მერიამ მონიტორები დაამონტაჟა, რომლებზეც, როგორც ნეტგაზეთს მერიაში უთხრეს, სადგურების სახელები გამოჩნდება.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონიტორები მეტი თვალსაჩინოებისთვის განთავსდა, რაც უპირველეს ყოვლისა, სმენადაქვეითებულ პირებს დაეხმარება.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, მერიის ინფორმაციით, მოდერნიზაციის ფარგლებში მემანქანის კაბინის ფორმა შეიცვალა და გაიზარდა მისი მოცულობა.

“შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა; ვაგონებში დამონტაჟდა შიდა და გარე კამერები; მგზავრების კომფორტულად გადაადგილებისთვის ვაგონებში განთავსდა მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; ძველი ტიპის მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესული სქემებით აღჭურვილი კვანძებით,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში, რომელიც ფეისბუკზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

მათიქვე თქმით, დღეიდან მგზავრებს საქართველოს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო ესკიზის “მეტრომანების” შეძენა შეეძლებათ. 23-დან 26 მაისის ჩათვლით კი ბარათები მეტროსადგურების სალაროებში მგზავრებს უფასოდ გადაეცემათ.


თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი 2016 წლიდან მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას უშედეგოდ ითხოვს. მემანქანეები საათობრივი ტარიფის გაზრდას ითხოვენ, რაც სახელფასო განაკვეთის დაახლოებით 45%-ით ზრდას გულისხმობს.

თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია ხელფასების ზრდას გამორიცხავენ, ხოლო მემანქანეები გაფიცვას გეგმავენ, რამაც შესაძლოა თბილისის მეტროს პარალიზება გამოიწვიოს. გაფიცვის თარიღი სასამართლომ გადაავადა.

დედაქალაქის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის განცხადებებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტრო არ გაჩერდეს, თუმცა, როგორ აპირებენ ამას, ჯერჯერობით არ ვიცით. ფაქტია, რომ მემანქანეთა აბსოლუტური უმრავლესობა გაფიცვას აპირებს.

“ერთობა 2013”-ის ინფორმაციით, მემანქანისთვის საათობრივი ანაზღაურება არის 6 ლარი და 90 თეთრი, ხოლო თვეში 150 სამუშაო საათია. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში მათი ხელფასი 1 035 ლარი გამოდის. მემანქანეები ითხოვენ, რომ ანაზღაურება საათში 10 ლარამდე გაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ხელფასი თვეში დაახლოებით 1500 ლარი იქნება.

“უმრავლესობა საპენსიო ასაკამდე იღუპება” – მეტროს მემანქანეთა პირობები და ანაზღაურება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი