საქსტატის კვლევით ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ 888 ლარს ხარჯავს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევით, 2017 წელს საქართველოში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 888.7 ლარი დახარჯეს. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ტურისტების მიერ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 9.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს ვიზიტებისას მოგზაურებმა 5.8 მილიარდი დახარჯეს, რაც 31.6%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ტურისტები საქართველოში ყველაზე მეტ თანხას საკვებსა და სასმელში ხარჯავენ (227.8 ლარი), შემდეგ მოდის განთავსების ხარჯები (204.7) .  2017 წელს საქართველოში ტურისტმა გართობაზე  საშუალოდ  164.4 ლარი დახარჯა.

საქსტატის თანახმად, 2017 წელს საქართველოში საერთაშორისო  მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2016 წელთან შედარებით 17.7%-ით მეტია. ამ მონაცემში იგულისხმებიან ის ადამიანებიც, რომლებიც საქართველოს ტრანზიტული მიზნებით ესტუმრნენ და შემდეგ სხვა ქვეყანაში გააგრძელეს მოგზაურობა.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას – ეს რიცხვი 6.5 მილიონი შეადგენს, წინა წელთან შედარებით ზრდა 20.2%-ია. საქსტატის ცნობით, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 2.4 მლნ მესამე კვარტალში [ივლისი, აგვისტო, სექტემბერი] იყო.

2017 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც 2016 წელთან შედარებით 21.8%-ით არის გაზრდილი. ვიზტორების რაოდენობასა და განხორციელებული ვიზიტების მაჩვენებელს შორის სხვაობა იმით აიხსნება, რომ შესაძლოა ერთი და იგივე ვიზიტორი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ესტუმრა საქართველოს.

საერთაშორისო ვიზიტორების 63.8% (3,267.0) ტურისტები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 1 ღამე გაათენეს საქართველოს ტერიტორიაზე.

საქსტატის თანახმად, 2017 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა აზერბაიჯანიდან იყო.

სქრინი: საქსტატი

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.1%  31-50 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაა. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების დახლოებით 37%-ს შეადგენდა.

ვიზიტების უმრავლესობა  თბილისსა ( 3.1 მილიონი) და აჭარაში(1.9 მილიონი) განხორციელდა. 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.7%  დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

სქრინი: საქსტატი

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საერთაშორისო ვიზიტორებისა და ვიზიტების რაოდენობა, ასევე ვიზიტორების ასაკისა და სქესის შესახებ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს. რაც შეეხება ტურისტების მიერ გაწეულ ხარჯებზე ინფორმაციას, ამისთვის უწყებამ ქვეყნის მასშტაბით 10 სასაზღვრო გამშვები პუნქტი შეარჩია, სადაც ინტერვიურების საშუალებით საერთაშორისო ვიზიტორები გამოკითხა. საქსტატში აცხადებენ, რომ ცდომილება ჯერ არ დაუთვლიათ. ამ კვლევისთვის ინტერვიუები 2017 წელს, მთელი წლის მანძილზე, მიმდინარეობდა. უწყების თანახმად, საქსტატმა თვეში 1000 სტუმარი გამოკითხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.