ახალი ამბები

“წითელი ხელოვნებაში მეფის მოსასხამად აღიქმება” – “აიისას” საქმე

15 მაისი, 2018 • 8438
“წითელი ხელოვნებაში მეფის მოსასხამად აღიქმება” – “აიისას” საქმე

“წითელი შეფერილობა ხელოვნებაში აღიქმება როგორც მეფის მოსასხამი. გოია იყენებდა წითელ ფერს”, – იურისტი გიორგი მშვენიერაძის მიერ გავრცელებული ვიდეოს თანახმად ეს განმარტება “აიისას” საქმის განხილვისას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა.

პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანია “აიისას” დამფუძნებელს ჯერ მერიამ შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო შემდეგ სასამართლომ – 500 ლარით დააჯარიმა. “აიისას” დამფუძნებლის ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს სასამართლოში გიორგი მშვენიერაძე (GDI) იცავდა. მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანილ წითელ ფერს რელიგიას ასე უკავშირებს:

“ეს რელიგიური ტიპის დარღვევად შეგვიძლია განვიხილოთ და რატომ, ახლა გეტყვით: ზოგადად ქრისტიანულ მიმდინარეობაში  მეფე, როგორც ასეთი, აღიქმება, რომ არის მაცხოვარი იესო ქრისტე, ქრისტიანულ სახელმწიფოებში მეფეებმა სწორედ ქრისტესგან მიიღეს მემკვიდრეობით მეფობა”, – ამბობს მერიის წარმომადგენელი.

ლიბერალის ინფორმაციით, მერიის წარმომადგენელმა სასამართლოში ყვითელ ფერზეც განაცხადა, რომ ზეციური ფერია, “ისევე როგორც ცისფერი”.

4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართულ კომპანია “აიისას” საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. “აიისა” სამართალდამრღვევად ცნეს და 500 ლარის გადახდა დააკისრეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის გამოსახვა არაეთიკური რეკლამაა. სრულად სასამართლოს არგუმენტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

გიორგი მშვენიერიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ცენზურის კუთხით საშიშ პრეცედენტს ქმნის და ისინი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.

ამავე თემაზე გირჩევთ

“ეროვნულ-ისტორიული საგანძურის ხელყოფა” – სასამართლოს დასაბუთება “აიისას” საქმეზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი