ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო იერუსალიმში გადავიდა – სისხლიანი შეტაკებები ღაზას საზღვართან

14 მაისი, 2018 • 2751
აშშ-ის საელჩო იერუსალიმში გადავიდა – სისხლიანი შეტაკებები ღაზას საზღვართან

დღეს, 14 მაისს, იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გაიხსნა. დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებიდან 5 თვის შემდეგ, უწყებამ ქალაქში ოფიციალურად დაიდო ბინა. მანამდე ის თელ ავივში მდებარეობდა. გახსნის ცერემონიის პარალელურად, ღაზას საზღვართან სისხლიანი შეტაკებები მოხდა, რასაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

თავად პრეზიდენტი ტრამპი გახსნის ცერემონიას არ დასწრებია, თუმცა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლითაც ისრაელს აღნიშნული ფაქტი მიულოცა. მისი თქმით, ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს უფლება, დედაქალაქი თავად შეარჩიოს.

“დღეს ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც სხვა სუვერენულ სახელმწიფოთა მსგავსად, უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს საკუთარი დედაქალაქი. წლების განმავლობაში ჩვენ ვერ შევიმეცნეთ ნათელი, ჩვეულებრივი რეალობა, რომ ისრაელის დედაქალაქი არის იერუსალიმი”, – აღნიშნა ტრამპმა.

საელჩოს გახსნის ცერემონიაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკა-ისრაელის კავშირი ახლა “არის ძლიერი, როგორც არასდროს”.

“პრეზიდენტო ტრამპ, ისტორიის აღიარებით თქვენ ისტორია შექმენით. ყველა ჩვენგანი აღფრთოვანებული ვართ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გახსნის ცერემონიის პარალელურად, ტრაგიკულად განვითარდა მოვლენები ღაზას საზღვართან, სადაც პალესტინელმა დემონსტრანტებმა აშშ-ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. CNN-ის ცნობით, შეტაკებებს ისრაელის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, 43 ადამიანი შეეწირა. ტელეარხის ცნობით, შეტაკებები, რომელშიც 43 ადამიანი დაიღუპა, ისრაელ-პალესტინას შორის 2014 წელს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი იყო. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად 1 600 ადამიანი დაშავდა.

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება და იქ აშშ-ის საელჩოს გადატანა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

პალესტინელები თვლიან, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი “მომავალი სახელმწიფოს” დედაქალაქი იქნება. ბოლო ჩანაწერები იერუსალიმის სტატუსის შესახებ 1993 წლით თარიღდება. ქალაქის სტატუსი ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო. ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე საერთაშორისოდ არასდროს ყოფილა აღიარებული. ამ დრომდე სხვა სახელმწიფოებს თავიანთი საელჩოები თელ ავივში აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი