ახალი ამბები

სუბელიანი: მე არ მაქვს განცდა, რომ სამინისტროსგან მნიშვნელოვან წინსვლას მივიღებთ

14 მაისი, 2018 • 1729
სუბელიანი: მე არ მაქვს განცდა, რომ სამინისტროსგან მნიშვნელოვან წინსვლას მივიღებთ

დღეს, 14 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და “ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა, დავით სუბელიანმა განაცხადა, არავითარი მოლოდინი არ აქვს, რომ სამინისტროსგან მნიშვნელოვან წინსვლას მიიღებენ.

“მინისტრს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით აქვს ხედვა, რომ მოხმარების და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს, ის ამაზე დაგველაპარაკება. ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ რეალიზაციასთან ბრძოლა ქვეყანაში გაგრძელდება. ეს არ დგება კითხვის ნიშნივ ქვეშ იმიტომ, რომ “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” კანონპროექტშიც, რეალიზაცია მკაცრად დასჯადია. მე არ მაქვს არანაირი განცდა და ინფორმაცია, რომ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მივიღებთ,” – განაცხადა დავით სუბელიანმა.

მისივე განამრტებით, შსს-ს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი უარესი იქნება, ვიდრე “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” მიერ შეთავაზებული, თუმცა, უკეთესი იქნება, ვიდრე ე.წ. “8 ნივთიერების კანონპროექტი”. ეს უკანასკნელი იმ ნივთიერებებს ეხება, რომელთა მცირე ოდენობა დღევანდელ კანონპროექტში განსაზღვრული არაა და ნებისმიერი დოზა ავტომატურად დიდ ოდენობად ითვლება.

რაც შეეხება ტექნიკურ საკითხს, მისი განმარტებით, ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, ერთი პარასკევის სპეცოპერაციას შეისწავლის, ხოლო მეორე ნარკოპოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს. თუმცა, სუბელიანის თქმითვე, ჯგუფის წევრების ვინაობაზე ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.

“შეხვედრაზე შს-თან არ თქმულა იმის შესახებ, თუ რა დაინახა სახელმწიფომ ბოლო სამ დღეში. მართალია, მან ეფექტურად გადმოიტანა ქუჩის აქცია სამინისტროში, თუმცა მან დაინახა, რომ ეს არის ბომბი. სოციალური უთანასწორობა მაღალია და ნებისმიერ დროს ამ ტალღამ შეიძლება ისევ წამოიწიოს. მიხუედავად ჩემი იმედგაცრუებისა, მე ვხედავ, რომ პროტესტს ჰქონდა და აქვს ძალიან დიდი პოტენციალი,” – განაცხადა დავით სუბელიანმა.

დღეს 14 მაისს შსს-სა და “ჩვენი თავისუფლების” აქციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს. როგორც თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი განმარტავს, შემდეგ შეხვედრაზე მათი მხირდან წარმომადგელობა უფრო მრავალრიცხოვანი იქნება. მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე მყოფი სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, შსს-თან წარმოებულ მოლაპარაკებებში მიიღონ მონაწილეობა.

რაც შეეხება შს მინისტრს, გიორგი გახარიას, 12 მაისს “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანშეწონილობაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ “შსს იძულებული იყო ეს ნაბიჯები განეხორციელებინა”.


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი