შსს–ში “თეთრი ხმაურის” შეხვედრა დასრულდა – შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შეიქმნება რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რომელთა ნაწილი ნარკოპოლიტიკაზე, ნაწილი კი 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავს. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ შემდეგ შეხვედრაზე მათი მხირდან წარმომადგელობა უფრო მრავალრიცხოვანი იქნება. მისი განმარტებით, გუშინდელ აქციაზე მყოფი სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, შსს-თან წარმოებულ მოლაპარაკებებში მიიღონ მონაწილეობა.

“ჩვენთვის პრინციპულია საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია, რადგან ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები. შესაბამისად, პრინციპული საკითხი იყო, ფორმატის განსაზღვრაზე ინიციატივა აგვეღო. ამაზე მინისტრი დაგვთანხმდა. ამიერიდან, ეს ფორმატი იქნება უფრო წარმომადგენლობითი  და ჩვენს მიერ არჩეული ჯგუფებით  დაკომლექტდება. მაქსიმალურად მოვიცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ ჩვენთან ერთად იდგა. ამ ეტაპზე სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით. გუშინ ცაიტნოტში მოგვიწია მოქმედება, რადგან როცა მოსალაპარაკებლად დაგვიძახეს, საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო. იმ მომენტში ვერ მოხერხდა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა,”-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი  მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.