ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: ფართომასშტაბიანი ოპერაციებისთვის არმია მზადყოფნაშია

14 მაისი, 2018 • 2579
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: ფართომასშტაბიანი ოპერაციებისთვის არმია მზადყოფნაშია

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა უწყების სხდომის დროს გააფრთხილა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობა, რომ აზერბაიჯანის არმია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციებისთვის სრულიად მზადაა.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო apa.az თავდაცვის უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, მინისტრმა ბრძანება გასცა ფრონტის ხაზზე მოწინააღმდეგის საქმიანობის მუდმივ კონტროლის, შესაძლო მოქმედებების მზაობისა და მტრის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების დაუყოვნებლივ თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი ზომების მიღების შესახებ.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირველი ვიზიტი მთიან ყარაბაღში შედგა. მისივე განცხადებით, სომხური რევოლუციის შედეგი არწახის საერთაშორისო დე იურე აღიარება იქნება. ფაშინიანის თქმითვე, ის მზადყოფნას გამოთქვამს, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წარმართოს ამ საკითხზე და ამ მოლაპარაკებებში ყარაბაღის წარმომადგენელთა მონაწილეობა აღადგინოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი