ახალი ამბები

კონტრაქციის დაკავებული მონაწილეების ნაწილი შსს-მ გაათავისუფლა

14 მაისი, 2018 • 1973
კონტრაქციის დაკავებული მონაწილეების ნაწილი შსს-მ გაათავისუფლა

გუშინ, 13 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონტრაქციაზე დაკავებული 19 ადამიანიდან ნაწილი უკვე გაათავისუფლა, ნაწილის გათავისუფლებას კი უწყება დღეს გეგმავს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. გუშინ პოლიციამ სულ 19 პირი დააკავა. მათ შსს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კონტრქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი გაბედავამ  საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ის შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი