ახალი ამბები

პრეზიდენტი: როგორ მივედით სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე, კითხვის ნიშნად რჩება

14 მაისი, 2018 • 1966
პრეზიდენტი: როგორ მივედით სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე, კითხვის ნიშნად რჩება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მკაფიო და პირდაპირი პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს, თუ როგორ გამწვავდა დაპირისპირება მოქალაქეთა ჯგუფებს შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

“ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ ამ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება ჩვენ მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში ჩვენ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე, ეს დღემდე კითხვის ნიშნად რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები”, –  განაცხადა მარგველაშვილმა.

დღეს, 14 მაისს, პრეზიდენტი ესწრება საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეხება ინფორმაციის სანდოობას, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და აღნიშნულ საკითხში კვლევების მნიშვნელობას. ღონისძიების ორგანზიატორები არიან NDI-ს და CRRC..

გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

“მარტივად გეტყვით შემდეგ ორ მომენტს. პირველი: არაერთხელ გამისვამს ხაზი იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური. მეორე: ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანზიატორზე, შემომტანზე და ზევით”.


12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი