ახალი ამბები

ახალგაზრდების აქციებმა კონტრაქციის საფუძველი შექმნა – საპატრიარქო

13 მაისი, 2018 • 20144
ახალგაზრდების აქციებმა კონტრაქციის საფუძველი შექმნა – საპატრიარქო

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე დღეს წარმოქმნილ დაძაბულობასა და მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტის თანახმად, აქიის “ჩვენი თავისუფლებისთვის” წევრებმა კონტრაქციის საფუძველი შექმნეს:

“ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს);

მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრაქციის ჩატარებისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად,  თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა”.- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამ წუთებში [10:17] თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია”ჩვენი თავისუფლებისთვის” იმართება, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო. დღეს მიმდინარე აქციის საპასუხოდ ნაციონალისტურმა მოძრაობამ კონტრაქცია ჩაატარა. მთელი დღის მანძილზე პოლიცია ცდილობდა მათთვის არ მიეცა საშუალება მიახლოვებოდნენ რუსთაველის გამზირს, პარლამენტის შენობას. თუმცა საბოლოოდ მათ ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს. საპროტესტო აქცია თბილისში 12 მაისს კლუბ “ბასიანში” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა.

მოვლენათა ქრონოლოგია


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიან ღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი