ანა სუბელიანი: ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ჩემთვის ეს თავისუფლების აქტი იყო

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საწიმააღმდეგო აქციის მონაწილე ანა სუბელიანმა 13 მაისს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 12  მაისს გამართულ აქციაზე 9 აპრილის მემორიალზე მისი ცეკვა თავისუფლების აქტი იყო და ვინმეს შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად.

9 აპრილის მემორიალზე ანა სუბელიანის ცეკვა შეურაცხყოფად მიიღო მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელსაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია არ მოსწონდა.

“დღეს დილით, თვალი გავახილე თუ არა, 2 საათი ძილის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ადამაინი ითხოვს ჩემს სარზე წამოცმას, ნაწლავების ამოყრას, მზად არიან თვალები დამთხარონ იმის გამო, რომ მე ვცეკვავდი, ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ვცეკვავდი იმ მონუმენტზე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ თავსუფლებისთვის. ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი. ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი ვერანაირად, რომ ვინმესთვის ეს იქნებოდა შეურაცხმყოფელი, იმდენად წრფელი იყო ის, რაც მე გავაკეთე, იმდენად სუფთა გულით და ემოციით გავაკეთე…

მეგობრებო, თქვენ მოგიწოდებთ, ვინც ახლა მაგ მონუმენტთან დგახართ. დაფიქრდით, იქნებ სხვაგვარად შეხედოთ ამ ყველაფერს.  ჩაიხედეთ თქვენს გულებში, რატომ ხედავთ ყველანაირ ქმედებაში მხოლოდ სიბინძურეს, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ჩვენ აქ ვდგავართ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ სიყვარული და ერთად ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, სხვა მიზანი ჩვენ არ გვაქვს. 9 აპრილს ის დამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა ის ქვეყანა, როემლიც გვაქვს და კიდევ უფრო უკეთესი ქვეყანა გვქონოდა. სწორედ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ ჩვენ და ძალიან გთხოვთ, ნუ შეგვიშლით ამაში ხელს, პირიქით, დაგვიდექით გვერდით. არ შეიძლება, ადამიანზე უფრო ღირებული გახდეს ქვა, რის მიმართ მიძღვნილიც არ უნდა იყოს ეს ქვა, მით უმეტეს, რომ ეს მონუმენტი არის თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ახლა ვდგავართ თავისუფლებისთვის. ”

მოვლენათა ქრონოლოგია


 

12–13 მაისს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი  მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი