ოთო კობახიძე: ხელისუფლებამ, რომელმაც ფაროსანა ვერ დაამარცხა, ავტომატებით შემოგვივარდა კლუბში

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე ოთო კობახიძემ სიტყვით მიმართა შეკრებილებს. მან ყურადღება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობაზე, სიღარიბეზე, განათლების ხელმისაწვდომობის არარსებობაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემებსა და ა.შ.

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ ზრუნავენ ჩვენს მომავალზე, ჩვენს გენოფონდზე, მაგრამ ერთეული ადამიანების გარდა არავინ ზრუნავს იმაზე, როდესაც შახტაში ადამიანები იმარხებიან. არავინ ზრუნავს იმაზე, რომ ჭიათურაში ჩვენი თანამოქალაქეები არ იწამლებოდნენ მანგანუმით. არავინ ზრუნავს იმაზე, რომ კაზრეთში ადამიანები ღია კარიერებითა და საბადოებით არ იწამლებოდეს და მერე ჩვენ აქ, თბილისში მყოფი ადამიანები არ ვიწამლებოდეთ ქვემო ქართლში მოყვანილი საკვებით. არავინ ზრუანვს იმაზე, რომ ჩვენ გვქონეს ნორმალური ტრანსპორტი და შეგვეძლოს ნორმალური გადაადგილება, არ გვიწევდეს, რომ მანქანაების გამონაბოლქვში მოვკვდეთ. მე ყოველდღე დავდივარ  უნივერსიტეტში თავისუფლებიდან ვაკემდე და ეს არის ჯოჯოხეთი  და ამ ჯოჯოხეთსაც ვერ აგვარებს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება ვერ აგვარებს ვერაფერს, დაწყებული იმით, რომ საოკუპაციო ზოლში დაიცვას ჩვენი მოქალაქეები, გაგრძლეებული ელემენტარული პრობლემებით, რომელზეც საუაბარიც კი არ უნდა გვჭირდებოდეს და რას ვხედავთ? ხელისუფლებამ, რომელმაც ორი წელია ფაროსანა ვერ დაამარცხა, ავტომატებით შემოგვივარდა კლუბში. ვერც წინამ და ვერც ახალმა ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა, რომ წელში გადაეტეხა სიღარიბე”, – თქვა ოთო კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ვერ შექმნა განათლების თანაბარი პირობები საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათ შორის, მასწავლებლები ვერ უზრუნველყო ღირსეული შრომითი ანაზღაურებით. როგორც კობახიძე ამბობს, ადამიანები მძიმე სამუშაო დღის შემდეგ კლუბში გასართობად მიდიან და ყველა ირჩევს გართობის იმ გზას, რომელიც მოსწონს.

“ყველას არ მოსწონს რესტორანში ქეიფი, ზოგს ცეკვა ურჩევნია”, – თქვა მან.

თბილისის ცენტრში აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” გრძელდება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია.

მოვლენათა ქრონოლოგია


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიან ღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.