საპროტესტო აქცის შემდეგ, შსს-მ ოთხ თვეში ამოღებული ნარკოტიკების სტატისტიკა გამოაქვეყნა

მას შემდეგ, რაც 12 მაისს თბილისში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბოლო ოთხ თვეში ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სტატისტიკა.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, 2018 წლის პირველი იანვრიდან 10 მაისამდე სხვადასხვა დროსა და ადგილას, სხვადასხვა პირიდან ამოღებულია: 9 კილომდე ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი, 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი, ასევე, 1 კილო და 700 გრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 850 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

როგორც შსს აცხადებს, ბოლო ოთხ თვეში ნარკორეალიზაციის ბრალდებით დკაავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, ირანიდან და აზერბაიჯანიდან.

რაც შეეხება ბოლო დღეებში დაკავებულ 8 პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ განუცხადებია, დაადგინეს თუ არა, ვინ იყვნენ მათთვის ნარკოტიკული საშუალებების მიმწოდებლები და საიდან შოულობდნენ გასაყიდ ნარკოტიკს.

ნარკოტიკების შეძენა, შენახვა გასაღება, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოვლენათა ქრონოლოგია

  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ათეულობით ადამიანს შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიანღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიციის მიზანი არა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, არამედ ძალის დემონსტრირებაა.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.