ახალი ამბები

პოლიციის მიერ კარვების აშლას EMC სასამართლოში გაასაჩივრებს

13 მაისი, 2018 • 1924
პოლიციის მიერ კარვების აშლას EMC სასამართლოში გაასაჩივრებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) აცხადებს, რომ პარლამენტთან აქციის მონაწილეების კარვების აშლას სასამართლოში გაასაჩვრებს.

EMC აცხადებს, რომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კარვები გაიშალა ტროტუარზე, კარვები ხელს არ უშლიდა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობას.

“არ მომხდარა შენობის შესასვლელების ბლოკირება, ან სხვა ფორმით საქმიანობის ხელშეშლა”, – აცხადებს ორგანზაიცია.

EMC–ის შეფასებით, პოლიციის მხრიდან კარვების დემონტაჟი იყო უკანონო, პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელშეშლის ამ ფაქტს გაასაჩივრებს.

დღეს, 13 მაისს, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ კარვების აშლა მოსთხოვეა. უარის შემდეგ, კარვები თავად პოლიციელებმა დაშალეს და წაიღეს. როგორც მათ აქციის მონაწილეებს განუმარტეს, კარვის გასაშლელად ნებართვა იყო საჭირო.

მოქალაქეები აპროტესტებენ სამართალდამცავთა მიერ თბილისის ღამის კლუბებში შესვლას, რასაც ისინი ხელისუფლების მიერ ძალის დემონსტრირებას უწოდებენ. პოლიცია აცხადებს, რომ მათ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ყველა მათგანი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, სულ სხვა ტერიტორიაზე დააკავეს და არა – კლუბებში.

მოვლენათა ქრონოლოგია

    • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
    • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
    • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
    • ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ათეულობით ადამიანს შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
    • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
    • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
    • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიანღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიციის მიზანი არა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, არამედ ძალის დემონსტრირებაა.
    • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
    • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

     

მასალების გადაბეჭდვის წესი