თეთრი ხმაურის მოძრაობის მოთხოვნები უცვლელია – პროტესტი გრძელდება

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციების სერია, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ კლუბებში, “ბასიანი” და “გალერი”, სპეცოპერაცია ჩაატარა, გრძელდება. აქცია, დღეს, 13 მაისს, 15:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რაც პროტესტის წევრებს აქვს.

მისი თქმით, მთავარი პრობლემაა პოლიციური სახელმწიფო და პოლიციური მმართველობა და ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციები და ადამიანების დაკავება ამის გამოვლინება იყო.

“ჩვენი აქციების სერიაც ემსახურება ამას, რომ პოლიციური მმართველობა დაიძლიოს”, – ამბობს წიქარიშვილი.

აქციის წევრები ასევე მოითხოვენ მომხდართან დაკავშირებით დუმილი დაარღვიოს ქვეყნის პრემიე- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გადაყენების მოთხოვნა იქნება ლეგიტიმური. აქტივისტები ასევე მოითხოვენ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელი რეფორმა დაუყოვნებლივ გატარდეს.

 

სახელმწიფოს ნარკოპოლიტის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორების საგანგებო პრესკონფერენცია

Posted by netgazeti.ge on Sunday, May 13, 2018

მოვლენათა ქრონოლოგია

  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიანღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, ძალადობრივი პოლიციური რეჟიმის დასრულებას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com