ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს

13 მაისი, 2018 • 2366
“ევროპული საქართველო” გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

პარლამენტის წევრის განცხადებით, გახარიამ სრულად უნდა უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე და უნდა გასცეს პასუხი “იმ უნამუსო ძალადობაზე თავისუფალი მოქალაქეების მიმართ , რომელიც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ”.

“დღეს უფრო ცხადი გახდა , რომ ეს აქცია იყო არა ნარკორეალიზატორებთან  ბრძოლის აქცია, არამედ თავისუფალი მოქალაქეების,დაშინების, დაშანტაჟების და მათზე ძალადობის აქცია. ჩვენ, ევროპული საქართველო პარლამენტის უმცირესობა კატეგორიულად ვითხოვთ, უსწრაფესად შს მინისტრი გამოცხადდეს პარლამენტში.  თუ ჩვენ არ ვაიძულეთ ხელისუფლება, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს, რისთვისაც  არსებობს პარლამენტი, როდესაც ასეთი ჩავარდნაა ადამიანის უფლებების კუთხით ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტმა უნდა განახორციელოს კონტროლი, ამიტომ უსწრაფესად მოვითხოვთ შს მინისტრის მოსვლას  პარლამენტში’’- განაცახადა ელენე ხოშტარიამ.

მოვლენათა ქრონოლოგია

  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიანღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, ძალადობრივი პოლიციური რეჟიმის დასრულებას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი