ახალი ამბები

კაფე “Ambavi • ამბავი” პარლამენტთან გამართული აქციის წევრებს უფასო ჩაის სთავაზობს

13 მაისი, 2018 • 8086
კაფე “Ambavi • ამბავი” პარლამენტთან გამართული აქციის წევრებს უფასო ჩაის სთავაზობს

კაფე-ბარი Ambavi • ამბავი პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებს უფასო ჩაის სთავაზობს. როგორც ისინი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავენ,  რამდენიმე დღის განმავლობაში დღე და ღამე იმუშავებენ.

განცხადების გავრცელების ნახვის შემდეგ ნეტგაზეთმა მიმართა აღნიშნულ კაფეს, რათა დაედასტურებინა, გულისხმობდა თუ არა აღნიშნული შეთავაზება “ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის წევრებს, რაც “Ambavi • ამბავი”-ში დაგვიდასტურეს. კაფე მდებარეობს გალაკტიონ ტაბიძის N12-ში.

აქცია “ჩვენი თავსიფულებისთვის” მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. აქციის მონაწილეები ღამის გათევას თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ. ამ დროისთვის მუსიკა შეწყვეტილია. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ანა სუბელიანის თქმით, მუსიკა იმიტომ გამორთეს, რომ არ სურთ იქ მცხოვრები ადამიანები შეაწუხონ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვანაა, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს, ასევე,  12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან უწყვეტად გრძელდება აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას;
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი