Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: „ეს იყო ცუდად დადგმული შოუ“

12 მაისს, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასება „ბათუმელებმა“ გიორგი გოგიას სთხოვა, Human Rights Watch-ის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში.

გიორგი, როგორ შეაფასებდით თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას? 

სპეცოპერაციამ გააჩინა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მოსახლეობას ჯერ არ მიუღია პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ასეთი სახის სპეცოპერაციის ჩატარება საჭირო სპეცრაზმის გამოყენებით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ როცა დაიწყო ქალაქში, სხვადასხვა ადგილას სპონტანური შეკრება, ტელევიზიით და სოციალურ მედიაში არაერთი ფაქტი იქნა ნაჩვენები, სადაც აშკარად ჩანს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება. რა თქმა უნდა, პოლიციას აქვს აქციის დაშლის უფლება, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესების დაცვით.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საათების განმავლობაში არ იყო ინფორმაცია, თუ სად იქნა ეს ხალხი გადაყვანილი. დაკავების მომენტიდან ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, დაუკავშირდეს მესამე მხარეს, ეს იქნება მშობელი, ადვოკატი თუ  ვიღაც სხვა, რომ აცნობოს დაკავების შესახებ. უცნობი იყო დაკავებულების ადგილსამყოფელი, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იყო დაკავებული. შესაძლოა ეს ინფორმაცია უცებ არ ჰქონდათ, რადგან ეს პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ დაკავებულებს უნდა ჰქონოდათ ზარის განხორციელების საშუალება, რომ მესამე მხარისთვის შეეტყობინებინათ თავისი ადგილსამყოფელი.

პოლიციის შეირაღებული სპეცრაზმი შევიდა კლუბებში, სადაც მოიხმარენ ალკოჰოლს, რაც ლეგალურია და, სავარაუდოდ, იქ იქნებოდნენ ადამიანები არაფხიზელ მდგომარეობაში.  რამდენად სწორი იყო სპეცრაზმის ამ ფორმით შესვლა კლუბებში?

იმდენ კითხვით ნიშანს აჩენს ასეთი ფორმით სპეცოპერაციის ჩატარება, რომ აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ხელისუფლების მხრიდან. ეს უფრო ჰგავდა დადგმულ შოუს, ვიდრე სპეცოპერაციას.

თუ არის ინფორმაცია, რომ იქ არის შეირაღებული ხალხი, შეიძლება გაუწიონ წინააღმდეგობა, შესაბამისად, შეიძლება დაიგეგმოს სპეცოპერაცია, მაგრამ თუ შედიხარ კლუბში, სადაც ადამიანი ისვენებს, ერთობა… ეს არ არის იმ კატეგორიის საფრთხე, რომელიც მოითხოვს კბილებამდე შეიარაღებული ხალხის შესვლას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოიძიონ, როგორ დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია, რა საფრთხეები არსებობდა.

რაც ვნახეთ ტელევიზიით, ეს იყო ცუდად დადგმული შოუ, რადგან ვიდეო კადრების მიხედვით ჩანს, რომ პოლიცია მაინც ვერ აკონტროლებდა სიტუაციას და პოლიცია მოქმედებდა ძალის გამოყენებით, შეკრების თავისუფლების ნორმების დარღვევით.

თუ რამდენიმე თვე ხდებოდა თვალთვალი და ინფორმაცია ჰქონდა პოლიციას, რატომ გახდა საჭირო ასეთი სახით სპეცოპერაციის ჩატარება – აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვას პასუხი.

ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის, რომ კბილებამდე შეირაღებული სპეცრაზმი შედის დაწესებულებაში, სადაც დიდი ალბათობით იმყოფებიან ადამიანები ალკოჰოლური თრობის ქვეშ და შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, არასასურველი დაპირისპირება… რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის თავიდან აცილება. გამოძიებამ უნდა აჩვენოს ამ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დეტალები და დაადგინოს, რამდენად იყოს გათვალისწინებული ეს საფრთხეები.

ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს თქვენი აზრით?

თუ სპეცოპერაცია არასწორად იქნა დაგეგმილი, უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს დაგეგმა. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ასევე ძალის გადამეტების ყველა ფაქტზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი