ახალი ამბები

სოლიდარობის აქცია ვენაშიც გაიმართება – “ჩვენი თავისუფლებისთვის”

13 მაისი, 2018 • 4363
სოლიდარობის აქცია ვენაშიც გაიმართება – “ჩვენი თავისუფლებისთვის”

13 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს მხარდაჭერას ვენაში გამოუცხადებენ. გარდა ვენისა, სოლიდარობის აქციები ჩატარდება ბერლინსა და ნიუ-იორკშიც.

“ჩვენ ვიკრიბებით ვენაში, რათა თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენ მეგობრებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის საქართველოში. შემოგვიერთდით, თუ ეწინააღმდეგებით სახელმწიფოს ძალადობრივ და თავისუფლების შემზღუდავ პოლიტიკას,” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

რაც შეეხება თბილისის აქციას, მონაწილეების მთავარი მოთხოვანაა, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს, ასევე,  12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან უწყვეტად გრძელდება აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას;
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა

მასალების გადაბეჭდვის წესი