ირაკლი კობახიძე – შსს-გან მიღებული ინფორმაციით, კლუბებში შესვლის მიზანი ლეგიტიმური იყო

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შსს-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ კლუბებში ნარკოტიკების გაყიდვა იგეგმებიდა და აქედან გამომდინარე დაიგეგმა სპეცოპერაცია. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციებზე. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კლუბებში პოლიციის შესვლის მიზანი ლეგიტიმური იყო.

“ამ სპეცოპერაციის მიზანი იყო კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე იმოქმედა შსს-მ.  დღეს გვქონდა შეკრება, სადაც მოვისმინეთ ინფორმაცია შს მინისტრისგან, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულების შიგნით ნარკოტიკების რეალიზება იგეგმებოდა და ეს ინფორმაცია გახდა კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების საფუძველი. აქედან გამომდინარე, მიზანი იყო ნთელი და მკაფიო. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ბოლომდე პროპორციული ის ჩარევა, რაც განხორციელდა, ეს დამატებით შესწავლას საჭიროებს. რაც მოვისმენეთ, იქიდან შეიძლება დავასკვნათ, შესვლის მიზანი ლეგიტიმური იყო, და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ჩარევა ასევე იყო პროპორციული. რაც შეეხება კლუბში შესული შსს-ს თანამშრომელთა რაოდენობას, ამაზეც მივიღეთ ინფორმაცია, რომ ესეც იყო პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განხორციელებული,”-აცხადებს ირაკლი კობახიძე ტელეკომპნია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია “ჩვენი თავსიფულებისთვის” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვანაა დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს, ასევე  12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან უწყვეტად გრძელდება აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას;
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.