ახალი ამბები

ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულთა ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

12 მაისი, 2018 • 2201
ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულთა ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურამ მათ ხელი მოაწერინა გაუთქმელობის პირობაზე. აღნიშნული პირობის მიხედვით, მათ საქმის დეტალებზე საუბარი ეკრძალებათ.

“ძალიან დიდი ემოციური ფონი მოჰყვა ამ ყველაფერს და ვფიქრობ, მტკიცებულებების გასაჯაროება, მათი აზრით, გარკვეულწილად დააზარალებს გამოძიების ინტერესებს. ვფიქრობ, ეს ასე არ არის. ხალხმა უნდა იცოდეს, რეალურად რა მოხდა და როგორ მოხდა”, – უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ირაკლი ჩუტკერაშვილმა. მისივე თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-ძენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“წარმოდგენა არ გვაქვს, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა გამოძიება. როგორც ვიცით, არსებობს ჩანაწერი, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გადმოგვცემია და იდენტიფიცირება არ მოგვიხდენია, ნამდვილად ყიდის თუ არა ეს პირი ნარკოტიკს. მისი პირადი ან საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ”, – თქვა კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატმა გია გოროზიამ.

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რომელიმე კლუბის სიახლოვეს არ დაუკავებიათ. მისივე თქმით, შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რამდენად დასაბუთებულია პროკურატურის არგუმენტები, რადგან საქმის მასალები მათთვის ჯერ არ გადაუციათ.

სხვა ბრალდებულის ადვოკატის, ხათუნა ხურცილაავს თქმით კი, რვავე ბრალდებულს ერთი ადამიანი ადებს ხელს, რომელიც ერთნაირად აძლევს ჩვენებას და მიუთითებს ერთი და იგივე ნივთიერების შეძენაზე.

რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას ინარჩუნებენ.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან უწყვეტად გრძელდება აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას;
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი