ახალი ამბები

ნარკორეალიზაციაში ბრალდებულები სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბში – ლომჯარია

12 მაისი, 2018 • 41559
ნარკორეალიზაციაში ბრალდებულები სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბში – ლომჯარია

საქართველოს სახლახო დამცველი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8 პირი სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და მათი დაკავების ადგილი არ ყოფილა კლუბის ტერიტორია. როგორც ომბუდსმენი ამბობს, ამის შესახებ მის წარმომადგენლებს თავად ბრალდებულებმა განუცხადეს. ისინი ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დაკავების იზოლატორებში მოინახულეს. სახალხო დამცველმა ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

“წუხელ, როდესაც უშუალოდ აქციაზე ვიმყოფებოდი, განვაცხადე, რომ ალბათ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მეც მქონდა, რამდენად იყო აუცილებლობა, აი, ამ ფორმით, სპეცოპერაციის გზით, კლუბის ტერიტორიაზე შესვლის. მე ეს კითხვები დავუსვი  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი განცხადებთ, არსებობდა სასამართლოს განჩინება ჩხრეკასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ თითქოს არსებობდა ინფორმაცია, იქ იყო და საღდებოდა ნარკოტიკული საშუალება. ეს არის ის, რაც მე ზეპირად მოვისმინე, თუმცა კითხვები კვლავ მაქვს. რა თქმა უნდა, უფრო დასაბუთებული მოსაზრება რომ მქონდეს, უნდა ვნახო სასამართლოს განჩინება და ასევე, გამოვითხოვთ იმ უწყვეტ ვიდოეჩანაწერს, რომელიც ასახავს კლუბის ტერიტორიაზე ჩატარებულ ჩხრეკას იმისთვის, რომ ვნახოთ, რეალურად ამოიღეს თუ არა ნარკოტიკული საშუალება და შევაფასოთ, რამდენად იყო აუცილებლობა, აი, ამ ფორმით განხორციელებულიყო ჩხრეკა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 12 მაისს, ნეტგაზეთს არ უპასუხა კითხვაზე, კონკრეტულად სად დააკავეს ნარკორეალიზაციაში ბრალდებული 8 პირი. სპეცოპერაციის დაწყებისას შსს-ს მირ გავრცელებული განცხადებიდან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბრალდებულები კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი”, –  აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციის დაწყებისას გაავრცელა.  


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი