რატომ არა აქვთ წვდომა ინტერნეტთან აქციის მონაწილეებს- მაგთიკომისა და ჯეოსელის განმარტებები

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მონაწილეები აცხადებენ, რომ ინტერნეტთან წვდომა არა აქვთ, რადგან “გამორთეს”.

ინტერნეტის შესაძლო შზღუდვასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” მაგთიკომში განუცხადეს, რომ მათ აბონენტებს ინტერნეტი ჩვეულებრივად მიეწოდებათ. კომპანიის განმარტებით, ინტერნეტი არ გათიშულა. მისი შეფერხებით მუშაობის მიზეზი კი, მაგთიკომის თანახმად, ერთ ადგილას (რუსთაველის ქუჩაზე) ინტერნეტის მოხმარების ზრდა გახდა.

“ინტერნეტი გათიშული არ არის. უბრალოდ ერთ ლოკაციაზე ძალიან დიდი თავმოყრაა და ტრაფიკიდან გამომდინარე შენელებულია ინტერნეტის სიჩქარე. ეს ბუნებრივია, რადგან ინტერნეტის მოხმარების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ჩვენგან ყველაფერი მუშაობს და ყველაფერი წესრიგშია,”-აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია “ჯეოსელში” “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ინტერნეტთან დაკავშირებით შეფერხება იყო, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა გამოსწორდა. როგორც “ნეტგაზეთის” ჟურნალისტები აქციიდან იტყობინებიან, ამ დროისთვის ორივე ქსელის ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს.

“ვიცეკვოთ ერთად ჩვენი თავისუფლებისთვის” – თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, რომელიც პასუხია 12 მაისს, ღამით, თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციებისა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.