ბათუმში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა

ბათუმში დააკავეს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც თბილისის აქციის პარალელურად აპროტესტებდნენ კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობის დროს, პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა. „ბათუმელებმა“ ორი დაკავებულის ვინაობა დაადგინა, ესენია მარიამ ბეჟანიშვილი და გიორგი ბოლქვაძე. აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით სკანდირებენ, – „მოძალადეები“.

„სისტემა უნდა დაინგრეს“, „სიჩუმე დანაშაულია“, – გაიძახიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ასევე ისმის შეძახილები: „ძირს მოღალატე პოლიცია“.

საპროტესტო აქცია „ევროპის მოედანზე“ 15.00 საათზე დაიწყო.  ახალგაზრდების ნაწილი 12 მაისის ღამეს,  თბილისში, “გალერისა” და  „ბასიანში“ სპეცრაზმის შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტებს აპროტესტებდა.

აქციაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.  დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას შსს-ში ადგენენ. აქციის მონაწილეები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობისკენ მიდიან.

ამავე თემაზე:

ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com