თამუნა მეუნარგია: სახელმწიფოს თუ არ მოვთხოვეთ ჩვენი შვილების უსაფრთხოება, დავიღუპებით

კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ტატო გეთიას დედამ თამუნა მეუნარგიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ როგორც 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, ისე – ქვეყანაში არსებულ მკაცრს ნარკოპოლიტიკას.

“მინდა მივმართო მშობლებს: წლები ვმუშაობდი პედაგოგად. არცერთმა მშობელმა მისი შვილის ყველა წვრილმანი არ იცის. თქვენ ვერ განსაზღვრავთ, თქვენი სრულწლოვანი შვილი ყოველ საათში სად იქნება. თქვენ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფთ, თუ სახელმწიფომ არ უზრუნველყო. ჩვენ თუ არ მოვთხოვეთ ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენი შვილები იყვნენ უსაფრთხოდ, დავიღუპებით. თუ ახლა 20 ადამიანი უნდა ვიტიროთ, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტს ვიტირებთ და ყველასთან მივა ეს უბედურება. ჩვენ ერთ მხარეს ვართ. როგორ არ გესმით, რომ ერთმანეთს არ ვებრძვით, ერთად ვართ იმიტომ, რომ თუნდაც ამ ნარკოპოლიტიკით, ამ არასწორი ქმედებებით, არცერთი კლუბის დახურვით, დარბევით, ეს პრობლემა არ მოგვარდება”, – მიმართა აქციის მონაწილეებს თამუნა მეუნარგიამ.

მან გაიხსენა 1990-იანი წლებიც, როცა საქართველოში არაერთი ადამიანი დაიღუპა ნარკოტიკის ზედოზირებით:

“მე 90-იან წლებში ვიყავი 17-18 წლის და ჩემი თაობა წამალში წავიდა. იქიდან მოყოლებული ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ და კლუბი მაშინ არ იყო, კაფეც არ იყო, რომ დავმსხდარიყავით და ყავა დაგველია, მაგრამ გვეღუპებოდა ახალგაზრდები. იქნებ გონს მოეგოთ, იქნებ გონს მოხვიდეთ ის მშობლები, რომლებიც ახლა ზიხართ, გიხარიათ ეს ყველაფერი, წერთ სტატუსებს, ილანძღებით. ამის ნაცვლად მობრძანდით და დადექით აქ. ხვალ თქვენი შვილი კლუბში წავა თუ მეგობრის დაბადების დღეზე ავა და რამე გაურკვეველ ნივთიერებას მიიღებს, თქვენ ეს არ იცით და სახლში მოსვენებულ შვილს სჯობს, აქ იდგეთ და სახელმწიფოს მოვთხოვოთ ჩვენი შვილების თავისუფლება, მათი კეთილდღეობა, რომ ისინი ქუჩაში როცა გადიან, ჩვენ მშვიდად ვიყოთ. 30 და 35 წლის შვილს დედა ფანჯარაში არ ელოდებოდეს, სანამ არ მოვა, ვერ დავიძინებო. რატომ ვერ ვიძინებთ მშობლები, როცა ჩვენი შვილები ერთად არიან, ბედნიერები არიან? იმიტომ, რომ გვეშინია. გინდა- არ გინდა აღიარეთ, ყველას ეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი შვილი არ მოვა სახლში, რადგან არ ვცხოვრობთ უსაფრთხო ქვეყანაში. გამოდით და დაუდექით თქვენს შვილებს გვერდზე, რომ ხვალ ისინი სახლში არ შემოიტანონ”.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ. ორივე მათგანი უკვე გათავისუფლებულია;
  • აქტივისტებმა 12 მაისის აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვენ. ისინი აქციების გაგრძლებას აპირებენ.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დკაავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.