ნაცვლიშვილი: კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესწავლა საპარლამენტო ფორმატშიც უნდა მოხდეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტები სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა იქნეს გამოძიებული. ანა ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გამო, ჩატარებული სპეცოპერაციის შესწავლა საპარლამენტო ფორმატშიც უნდა მოხდეს.

“შსს-ს ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება აქვს. ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად , მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც მედიით ვრცელდება და ის ინფორმაცია, რასაც თვითონ შსს ავრცელებს და საზოგდოებაში არსებული ძალიან მაღალი ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება გამოძიებულ იქნას სწრაფად და მიუკერძოებლად. მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფორმით. შესწავლილი იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი. ამასთან, დღეს, 3 საათზე მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი შეკრებისა და საპროტესტო აქციის ორგანიზებას. მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება კონსტიტუციური უფლებაა და ამ უფლებით სარგებლობა შსს-მ უნდა უზრუნველყოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობით ყველა სახელმწიფო უწყება თავის როლს იაზრებს და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ კონსიტუციური უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა. პრეზიდენტის დავალებით,  ყურადღებით და მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით მიმდინარე აქციას,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ. ორივე მათგანი უკვე გათავისუფლებულია;
  • აქტივისტების თქმით, აქცია 12 მაისს, 15:00-ზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან კვლავ გაგრძწლდება და ორგანიზებულ სახეს მიიღებს;
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დკაავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.