ახალი ამბები

რა უძღოდა წინ თბილისის კლუბებში სპეცრაზმის შესვლას

12 მაისი, 2018 • 6730
რა უძღოდა წინ თბილისის კლუბებში სპეცრაზმის შესვლას

12 აპრილს სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში მდებარე ორ კლუბში, რომლის დროსაც, პოლიციის ცნობით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ოპერაციის დროს ასევე დააკავეს ათობით ახალგაზრდა, რომლებიც პოლიციისვე განცხადებით, უკვე გათავისუფლებული არიან.

ვნახოთ, რა მოვლენები უძღოდა წინ სპეცოპერაციას:

აპრილში გავრცელდა ცნობები რამდენიმე ახალგაზრდაზე, რომლებიც სახლებში გარდაცვლილი იპოვეს. ზოგიერთ შემთხვევაში ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი დასახელდა, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არ გაუვრცელებია არცერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდები ნამდვილად ნარკოტიკული საშუალებით არიან გარდაცვლილი.

ამ ცნობების გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი დისკუსია მოჰყვა. ნაციონალისტური ძალები, მათ შორის, “ქართული მარში”  კლუბების დახურვის ინიციატივით გამოვიდნენ.

5 მაისს “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო შავ ბაზარზე გავრცელებულია ნარკოტიკზე, რომელიც ადამიანების სიცოხლეს იწირავს. მოძრაობამ ეჭვი გამოთქვა, რომ ეს მიზანმიმართულად ხდებოდა.

“მეგობრებო, მხარდამჭერებო, მომხმარებლებო, არამომხმარებლებო და მომხმარებელთა ოჯახის წევრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში გვაქვს საგანგებო ვითარება, სახელმწიფო კი დუმს და თავს არიდებს პასუხისმგებლობას. შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის“ – წერია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის შემდეგ, 7 მაისს კლუბმა “ბასიანმა” თანადგომისთვის საზოგადოებას, ელქტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მედიასაშუალებას, საერთაშორისო გამოცემებს, დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა. BASSIANI / HOROOM-მა განაცხადა, რომ ის რეგრესული და პრორუსული ძალების სამიზნე ობიექტია, რის გამოც მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დემონიზება ხდება:

“დაგვიდექით გვერდით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. კლუბის სოციალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ კონკრეტული სივრცის, არამედ ყველა იმ იდეისა და ღირებულების – თავისუფლებისა და თანასწორობის, ყველა იმ ერთობლივი მონაპოვრის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული ათასობით ადამიანი”- ნათქვამია მიმართვაში.

6 მაისს ბერა ივანიშვილმა, ყოფილ პრემიერ- მინისტრის და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და თავმჯდომარის შვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს:

“ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი “ბასიანი” ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება. მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. “

ბასიანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ ბერა ივანიშვილის ამ განცხადებას “ნეტგაზეთთან”  შეკითხვების პასუხად ამბობს, რომ ბერა ივანიშვილის განცხადება, სადაც კლუბ “BASSIAN-ში მომხდარ “მკვლელობებზე” საუბრობს, უპასუხისმგებლო უწოდა.

“ეს არის უპასუხისმგელო განცხადება იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს და მის ოჯახს აქვს ამხელა გავლენა, ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, დაფიქრება გმართებს, ცოტა მეტი დაფიქრება, ცოტა მეტი ინფორმაცია გმართებს და არ შეიძლება, ასე ჰაერში ისროდე სიტყვებს და ბრალდებებს. ეს არავისთვის არის სასარგებლო,” – ამბობს ტატო გეთია ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნახეთ: სპეცოპერაცია თბილისის კლუბებში 

ასევე: ღამის კლუბები, როგორც პროტესტისა და სოციალური აქტივიზმის კერა თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი