ახალი ამბები

აუდიტორია 115: ეს იყო ძალის დემონსტრირება და არა ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ

12 მაისი, 2018 • 2656
აუდიტორია 115: ეს იყო ძალის დემონსტრირება და არა ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” მიიჩნევს, რომ 12 მაისს, შუაღამისას თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი მოქალაქეების დაშინება იყო.

“გასულ ღამით სპეცრაზმის მიერ რამდენიმე კლუბში “სპეცოპერაციის” ჩატარება ემსახურებოდა არა ბრძოლას ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ, არამედ ეს იყო ძალის დემონსტრირება, რომლის მიზანიც ჩვენი თანამოქალაქეების დაშინებაა.

თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ მთავარ ნარკორეალიზატორებს ამ ქვეყანაში სწორედ სამართალდამცავ უწყებათა მაღალჩინოსნები მფარველობენ. სწორედ ისინი მდიდრდებიან ადამიანების სიკვდილისა და გაუბედურების ხარჯზე”, – აცხადებს “აუდიტორია 115”.

მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს “პოლიციური რეჟიმისაგან ნაცემ, დაშინებულ თუ უკანონოდ დაჭერილ თითოეულ ადამიანს”.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისის, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ. ორივე მათგანი უკვე გათავისუფლებულია;
  • აქტივისტების თქმით, აქცია 12 მაისს, 15:00-ზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან კვლავ გაგრძწლდება და ორგანიზებულ სახეს მიიღებს;
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დკაავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი