ხატია დეკანოიძე – ივანიშვილმა პრაქტიკულად ქართული პოლიცია ბერას დაუქვემდებარა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ნარკოტიკებით ვაჭრობას მსგავსი მეთოდებით არ ებრძვიან. მისი თქმით, გუშინდელი დაკავებები ქვეყანაში მზარდ დიქტატურაზე მიუთითებს.

“არსად ცივილიზებულ სამყაროში არ ხდება ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა იმ მეთოდებით, რა მეთოდებიც  გუშინ ვნახეთ. ღამის კლუბების დარბევა, ახალგაზრდების მანქანებში ჩატენვა, უდანაშაულო ადამიანებისა და პოლიტიკოსების დაკავება არის დიქტატორული მეთოდები. ეს არის მცოცავი, მზარდი დიქტატურა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ქართული პოლიცია ბერას დაუქვემდებარა. ახლა გასაგებია, რატომაც ჩატარდა სამარცხვინო ვითომ სპეციალური ოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოროსნობაა,  როდესაც ნარკორეალიზატორებს  ღამის კლუბების დარბევით ებრძვიან,”-განუცხადა რუსთავი 2-ს ხატია დეკანოიძემ.

6 მაისის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილმა ბერა ივანიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ კლუბ “ბასიანთან” მას და მის ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. ბერას თქმით, მათ ინტერესშია, ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთირებებით გარდაცვლილი ადამიანების საქმის გამოძიება მოხდეს.

“კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება,”-წერს ბერა Facebook-ზე.

ბასიანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ ბერა ივანიშვილის ამ განცხადებას, სადაც კლუბ “BASSIAN-ში მომხდარ “მკვლელობებზე” საუბრობს, უპასუხისმგებლო უწოდა.

“ეს არის უპასუხისმგელო განცხადება იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს და მის ოჯახს აქვს ამხელა გავლენა, ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, დაფიქრება გმართებს, ცოტა მეტი დაფიქრება, ცოტა მეტი ინფორმაცია გმართებს და არ შეიძლება, ასე ჰაერში ისროდე სიტყვებს და ბრალდებებს. ეს არავისთვის არის სასარგებლო,” – ამბობს ტატო გეთია.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყვნენ. ორივე მათგანი უკვე გათავისუფლებულია;
  • აქტივისტების თქმით, აქცია 12 მაისს, 15:00-ზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან კვლავ გაგრძწლდება და ორგანიზებულ სახეს მიიღებს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.