ახალი ამბები

აქციის დასრულების შემდეგ დემონსტრანტებმა ტერიტორია დაასუფთავეს [ვიდეო]

12 მაისი, 2018 • 17444
აქციის დასრულების შემდეგ დემონსტრანტებმა ტერიტორია დაასუფთავეს [ვიდეო]

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის დასრულების შემდეგ, ადგილზე შეკრებილებმა ტერიტორია დაასუფთავეს. აქციის მონაწილეებმა გასული ღამის განმავლობაში ტერიტორიაზე დაგროვილი ნარჩენები პოლიეთილენის პარკებში მოათავსეს, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს.

კლუბ “ბასიანსა” და “კაფე-გალერიში” მოწყობილი რეიდების წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გამთენიისას დაიშალნენ, თუმცა დააანონსეს, რომ აქცია დღეს, 12 მაისს, 15:00-ზე კვლავ განახლდება.

ახალგაზრდებმა აქციების ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პოლიციამ კლუბ “ბასიანსა” და კაფე “გალერიში” რეიდი მოაწყო და არაერთი პირი დააკავა. სამართალდამცავთა ქმედებებსა და მკაცრ ნარკოპოლიტიკას ისინი თავდაპირველად კლუბ “ბასიანის” მიმდებარედ, სპეცოპერაციის პარალელურად აპროტესტებდნენ, თუმცა პოლიციამ შეკრებილებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცა და არაერთი ადამიანი დააკავა.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისის, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარეს შეკრებილი ადამიანებიც დააკავა. მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულია.
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანები დააკავა.
  • დაკავებულთა შორის არიან “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
  • აქტივისტების თქმით, აქცია 12 მაისს, 15:00-ზე, თბილისის პარლამენტის შენობასთან კვლავ გაგრძელდება და ორგანიზებულ სახეს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი