ახალი ამბები

პოლიციამ ბასიანის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხი ძალის გამოყენებით გაიყვანა

12 მაისი, 2018 • 2243
პოლიციამ ბასიანის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხი ძალის გამოყენებით გაიყვანა

სამართალდამცავებმა წერეთლის გამზირზე, კლუბ “ბასიანის” მიდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი ახალგაზრდები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაკავებულია არაერთი ადამიანი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის უცნობია.

ასეულობით პოლიციელია მობილიზებული როგორც “ბასიანთან”, ისე – “გალერისთან”. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებულია აქტივისტი ბექა წიქარიშვილიც, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ პასუხისმგებელ პოლიციელთან შეხვედრა ითხოვა, რათა დაგეგმილი საპროტესტო აქციების დეტალები შეეტყობინებინა.

სამართალდამცავები “ბასიანსა” და გალერიში” 11 მაისს, გვიან ღამით შეიჭრნენ, მათ კლუბის სტუმრები გარეთ გამოუშვეს. როგორც შსს აცხადებს, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს 8 პირი, თუმცა უწყებას ამ დრომდე არ გაუვრცელებია იმ ადამიანების დაკავების შესახებ ინფრმაცია, რომელიც რუსთაველისა და წერეთლის გამზირზე დააკავეს, მათ დაკავებას კი არაერთი ადამიანი შეესწრო.

დაკავებულთა ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია მათ შესახებ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო სპეცოპერაციის ჩატარება კლუბებში ამ დროსა და ამ ფორმით აუცილებელი. გარდა ამისა, როგორც ლომჯარია ამბობს, დაკავებულების ადგილმდებარეობის დაზუსტებასა და მათ მონახულებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი