ახალი ამბები

გალერიში სპეცოპერაციის თვითმხილველები ყვებიან, რომ პოლიცია მათზე ძალადობდა

12 მაისი, 2018 • 2105
გალერიში სპეცოპერაციის თვითმხილველები ყვებიან, რომ პოლიცია მათზე ძალადობდა

თვითმხილველი ყვება, რომ კლუბ გალერიში სპეცოპერაციის დროს პოლიციელები იქ მყოფებს ფიზიკურად შეეხნენ.

“დავინახე, ჩემი მეგობარი დააკავეს იმიტომ, რომ გააპროტესტა პოლიციელის საქციელი. დააკავეს და წაიყვანეს. ხელი გვკრეს პოლიციელებმა, დაგვარტყესავით”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კლუბ “გალერის” თანამშრომელმა თინა შარაშენიძემ, რომელიც სპეცოპერაციის დროს კლუბში იმყოფებოდა.

თინა შარაშენიძის თქმით, პოლიციელები იარაღის მუქარით შევიდნენ. მოსთხოვეს იქ მყოფებს, რომ იატაკზე დაწოლილიყვნენ, რასაც ისინი დაემორჩილნენ.

“ბოლოს მე დავიწყე გაპროტესტება. დაგვიწყეს ამ პოლიციელებმა ყვირილი. არ შევეპუეთ და ჩვენც ვპასუხობდით. შემდეგ ტელეფონი ამოვიღე და ერთერთმა პოლიციელმა ტელეფონი გადაგვიგდო ურნაში”, – ამბობს თინა.

თინას განმარტებით, პოლიციელებმა კლუბში მყოფებს აჩვენეს ფურცლები, რომლებზეც მოსამართლის გადაწყვეტილება ეწერა კლუბში რეიდის ჩატარებაზე, თუმცა მან არ იცის, რა ეწერა ამ ფურცლებზე.

“მოსამართლის გადაწყვეტილება არის ესეთიო. რაღაც ფურცლები ჰქონდათ, რომლებიც რა თქმა უნდა, ვერ წავიკითხეთ. ცოტა ხანშივე ხალხი გაიყვანეს. მე იქ დავრჩი ადვოკატს დავურეკე და ადვოკატთან რომ გავედი, აღრ შემომიშვეს. იქ დაიტოვეს ჩემი თანამშრომლები. ისინი გამოუშვეს და არ ვიცი, ზუსტად ვინ არიან დარჩენილი”, – ამბობს თინა შარაშენიძე.

მეორე თვითმხილველი გიგა ჩიქოვანი ყვება, რომ გალერიში სპეცრაზმი შევიდა და მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ.

“ივენთი მიმდინარეობდა და უცბად შემოვიდა სპეცრაზმი, უნდა დატოვოთ ტერიტორიაო. რამდენიმე ადამიანი დააწვინეს, რამდენიმე ადამიანს ხელკავით დაგვატოვებინეს ტერიტორია. გარეთ რომ გამოვედით, ქვაფენილზე გავჩერდით რამდენმე ადამიანი, სოლიდარობას ვუცხადებდით კლუბს. ამასობაში მოვიდა სპეცრაზმი, იძალადეს ჩვენზე. რამდენიმე ადამიანი დაჭერილი არის, ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა. პოლიცია რამდენიმე ადამიანს უყვიროდა, რამდენიმე ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენეს ფიზიკური. ერთ-ერთს გაურკვეველი ნივთიერება ამოუღეს ვითომ. არ ვიცი, რაღაც ეჭირათ, “ააა, შენა წამალს ყიდი, შენა? შენ ბარიგობ?”, ცინიკურად ესაუბრებოდნენ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიგა ჩიქოვანმა.

გიგა ჩიქოვანმა დაინახა, რომ ორი ადამიანი  დააკავეს და სავარაუდოდ განყოფილებაში გადაიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი