ახალი ამბები

ივანიშვილის 25-წუთიანი სიტყვის მთავარი აქცენტები მოკლედ

12 მაისი, 2018 • 2471
ივანიშვილის 25-წუთიანი სიტყვის მთავარი აქცენტები მოკლედ

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმეწლიანი საჯარო დუმილი “ქართული ოცნების” მეხუთე პარტიულ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ დაარღვია. მისი სიტყვა თითქმის 25 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც თანაგუნდელებმა ტაში 30-ჯერ დაუკრეს.

პარტიის ყრილობა მთაწმინდის პარკში, კლუბ “ანდერვილში” ჩატარდა, სადაც მისასვლელ გზაზე ლურჯი ხალიჩა იყო დაფენილი.

“ქართული ოცნების” ყრილობა იმითაც იყო უჩვეულო, რომ სხვა ყრილობისგან განსხვავებით, მედიისთვის თითქმის სრულად იყო დახურული. ჟურნალისტები ყრილობის ოფიციალურ ნაწილს თვალყურს ადევნებდნენ მთაწმინდის პარკში დამონტაჟებულ მონიტორზე.

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე მივიდა. 11 მაისი, 2018 წელი. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ივანიშვილის 25-წუთიანი სიტყვა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან საერთოდ არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ყოფილ ხელისუფლებაზე უარყოფით კონტექსტში მაინც ისაუბრა. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა “ქართულ ოცნებაში” არსებულ შიდა დაპირისპირებაზე, რუსეთთან დიალოგზე, ევროპასთან დაახლოებაზე, გაჭირვებასა და სხვა საკითხებზე.

მას, ვინც ვერ მოახერხა ივანიშვილის გამოსვლის ვიდეოვერსიის ნახვა, ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ ძირითად საკითხებს, რაზეც “ქართული ოცნების” დღეიდან უკვე ოფიციალურმა თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა.

1. ყოფილი ხელისუფლება და ოპოზიცია

მართალია, ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის სახელი არ უხსენებია, თუმცა თავისი გამოსვლის პირველივე წამებში გაავლო პარალელი ყოფილ ხელისუფლებასთან და თქვა: “ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბების, დაშინებისა და ძალადობით მოსული, არამედ ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული არა უნაკლო, მაგრამ, რაც მთავარია, ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე ორიენტირებული ხელისუფლება”

ივანიშვილის თქმით, 2012 წელს მან თავის გუნდთან ერთად “საპატიო მისია” შეასრულა და ქვეყნის მართვას ჩამოაშორა” “მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება”.  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ოპონენტების უმრავლესობიდან მოდის “უკიდურესად დესტრუქციული მუხტი”. მისივე თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი შეპყრობილია ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით.

“ხალხის ნდობის არქონის გამო ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას და ამიტომაც ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, როდესაც არეულობა სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად უნდა მოეჩვენოს ხალხს”, – მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი.

2. რუსთავი 2

მართალია, კონკრეტულად “რუსთავი 2” არ უხსენებია, თუმცა მმართველი პარტიის სათავეში მეორედ მოსულმა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა “სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის” ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავებაზე.

“რიგი პოლიტიკური პარტიების მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეიერში ჩარტული პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს. ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხს, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი”, – თქვა ივანიშილმა. მიუხედავად იმისა, რომ მას “რუსთავი 2” არ უხსენებია, ტელეარხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკის პირად გვერდზე საჯაროდ დაწერა: “ბევრი უყურა კურიერს და დაბრუნდა. ესაა ჩემი კომენტარი”.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები ტყუილებითა და ნეგატიური ინფორმაციით ცდილობენ მძიმე ეკონომიკური სიტუაციის კიდევ უფრო მძიმედ წარმოჩენას და ხალხში პესიმისზმის გაღვივებას. “ქართული ოცნების” ლიდერის მოსაზრებით, ამ გამოწვევას ხელისფულება სათანადოდ ვერ უმკლავდება.

ივანიშვილის მოსაზრებით, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარდგენაში, არამედ უპერსპექტივობისა და უიმედოობის ატმოსფეროს დანერგვაში.

3. გაჭირვება

ივანიშვილმა თავის გამოსვლაში არაერთხელ ისაუბრა ქვეყანაში შექმნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და სიდუხჭირეზე. ივანიშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა ამას ახსნასაც უძებნის და პრობლემის სათავეს 1990-იანი წლების დასაწყისიდან ეძებს:

“ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის, სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით. ჯერ კიდევ არ გვქონდა მოშუშებული სამოქალაქო ომის იარები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც შედეგად რუსული ოკუპაცია და მასობრივი დევნილების ორი ტალღა მოჰყვა”.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას კარგად ესმის მოსახლეობის გაჭირვების, თუმცა, მისივე მოსაზრებით, ხალხს გასაგებად უნდა აუხსნან, რომ მყისიერად ამ სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია და არცერთ მთავრობას არ შეუძლია, წელიწადში 600 პროცენტით გაზარდოს ეკონომიკა.

4. შიდაპარტიული დაპირისპირება

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალური ჩართვის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად “ქართულ ოცნებაში” წარმოქმნილი შიდა დაპირისპირება დაასახელა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების შიგნით არსებობდა “სუსტი, მაგრამ სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები”, რამაც მას პარტიის სათავეში ოფიციალურად დაბრუნებისკენ უბიძგა.

“ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის ფარგლებს და სწორედ ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ფუჭ კინკლაობაში თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და, მით უმეტეს, ეროვნული ამოცანების”, – თქვა ივანიშვილმა. როგორც ის ამბობს, იგრძნო, რომ ამ პრობლემების გაღრმავების შემთხვევაში “ქართული ოცნება” დაშორდებოდა ხალხს.

ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: ქართული ოცნება

5. რუსეთი და ოკუპაცია

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ მიღწევად რუსეთთან ბოლოდრნოინდელ ურთიერთობას მიიჩნევს: “ჩვენ უკვე ნაწილობრივ მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის”.

ამასთანავე, ივანიშვილმა ახსენა ტერმინი “რუსული ოკუპაცია”. ის დარწმუნებულია, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, ეს ფაქტიც აფერხებს ქვეყნის უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას.

7. აშშ, ნატო და ევროპა

“ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებით, საქართველო არასოდეს ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად.

“ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა. საგრძნობლად განმტკიცდა და გაღრმავდა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – ამბობს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი თქმით,”ევროპულობა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, “ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი.”

8. დემოკრატია

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა “დემოკრატია” თავის გამოსვლაში დაახლოებით 20-ჯერ ახსენა სხვადასხვა ფორმითა და კონტექსტით. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია განიცადა და მოსახლეობა სწორედ დემოკრატიული გზით ირჩევს ხელისუფლებას.

ივანიშვილმა ამ დემოკრატიული განვითარების მთავარ საყრდენად “ქართული ოცნების” მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაასახელა. მისივე განმარტებით, კონსტიტუციის ცვლილების პროცესი “რთული და წინააღმდეგობებით სავსე” იყო.

როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, საქართველოში გვაქვს “თითქმის ევროპული ხარისხის” დემოკრატია, რასაც ეკონომიკური განვითარების ტემპი ვერ ეწევა.

“დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა”, – ამბობს ივანიშვილი. როგორც ის ამბობს, “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი დემოკრატიის სანაცვლოდ გააკეთა და არჩია, რომ ჯერ დემოკრატიის სწრაფად ზრდაზე ეზრუნა და შემდეგ ეკონომიკაზე. თუმცა ის მიიჩნევს, რომ დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს ზრდის.

დემოკრატიის არარსებობის პირობებში არცერთი ევროპული სახელმწიფო არ მიგვიჩნევდა სრულფასოვან, თანასწორ პარტნიორად. დემოკრატიის გარეშე ჩვენ განწირულნი ვიყავით, რომ საქართველოსა და ევროპას შორის დისტანცია შემცირების ნაცვლად კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დემოკრატიის გარეშე, ჩვენ ვერასდროს გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი”, – თქვა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ამ დემოკრატიული მონაპოვრის შენარჩუნებაა.

“ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, “ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიას შეუქცევაბოდის პირველი მძლავი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი. დემოკრატია არის ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა, და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვრის შენარჩუნება და განვითარება”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლის მიწურულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი