ახალი ამბები

ბოკერია: ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია გარდა იმისა, რომ ფარაონი დაბრუნდა

11 მაისი, 2018 • 1634
ბოკერია: ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია გარდა იმისა, რომ ფარაონი დაბრუნდა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის  “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ არჩევაში სიახლე არაფერია.

“სიახლე არაფერი არაა გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა. კვლავ წარსულისა და ოპონენტების ლანძღვა, საკუთარი თავის ქება, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უტიფარი განცხადება.

მას არ აქვს მომავლის და ქვეყნის წინსვლის არანაირი ხედვა, არ იცის, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, რომელშიც მის გამო მოვხვდით. ევროპული საქართველო არაფერს სასიკეთოს ამ ცვლილებებიდან არ ელის. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ამ კაცის და მისი გუნდის წასვლა ხელისუფლებიდან  მშვიდობიანად და არჩევნების გზით”, – წერია ბოკერიას განცხადებაში, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა.

გიგა ბოკერიამ ივანიშვილის მართვის სტილი კომუნისტურს შეადარა:

“ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამ კომუნისტური მოდელის შემოტანით, როცა პარტიის უფროსი არის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელი და ყველა ინსტიტუტზე მაღლა მდგომი, უშველის არაფორმალურ მმართველობას,  რაზეც  ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მიუთითებს. ჩვენი ქვეყნისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება ივანიშვილის თავში. არსებითი მნიშვნელობა აქვს, როდის დავამთავრებთ ამ პოლიტიკურ უბედურებას არჩევნების გზით,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ დღეს, 11 მაისს, პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს. ის 2013 წლიდან საჯარო პოლიტიკას ფორმალურად იყო ჩამოშორებული. როგორც თავად ამბობს, დაბრუნება რამდენიმე მიზეზით გადაწყვიტა, მათ შორის კი ერთ-ერთი მთავარი ხელისუფლების შიდა დაპირისპირებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი