ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებაა

11 მაისი, 2018 • 2703
ივანიშვილი: ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებაა

“ქართული ოცნების” მეხუთე ყრილობაზე, რომელიც დღეს, 11 მაისს კლუბ “ანდერვილში” გაიმართა, ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. ერთ-ერთ მიზეზად ივანიშვილმა შიდაპარტიული დაპირისპირება დაასახელა.

“ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ გამოწვევების ფონზე ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის ფარგლებს და სწორედ ეს არის [ერთ-ერთი] მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები,”- განმარტა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მას მტკიცედ სჯერა, რომ პარტიას არ აქვს უფლება “ფუჭ კინკლაობაში” თუნდაც უმნიშვნელო დრო და რესურსი დახარჯოს.

“დაუშვებელია პირადი წყენის გამო, საერთო პარტიული და მით უმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის, თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა. მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შემქნილი პარტია “ქართული ოცნება”, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავებით დაშორდებოდა ხალხს. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, არსებობს კიდევ ორი მიზეზი რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა:

“მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისას განვაცხადე, მაგრამ როდესაც შენს ხალხზე, ქვეყნაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია.

რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, როდესაც რამდენიმე წლის წინ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი. რატომ გადავწყვიტე ახლა კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე და ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე საპატიო მისია შევასრულე: დავამარცხეთ და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება.  ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების გნვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ვინაიდან ის, რაც ჭარბად გამაჩნდა, ხალხის ნდობა – ხელისუფლებაზე მეტად საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა.

მაშ ახლა რატომღა ვდგამ ამ ნაბიჯს? რატომ გახდა პოლიტიკაში ჩემი დაბურნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის და მეც მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება. ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც ქართული ოცნების და არც პირადად ჩემი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ისევე როგორც 2011 წელს, მიზანი ამჯერადაც უცვლელია: საქართველო, თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი. ამიტომ ახლა ჩემს ხალხს მინდა მივმართო. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ: რასაც პირობითად 3 მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს”, – განაცხადა ივანიშვილმა და ეს 3 გამოწვევა ასე ჩამოყალიბა:

  1. ობიექტურად არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და მისი კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოდგენის მცდლეობები.
  2. ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობისაგნ მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი
  3. ხელისუფლების შიგნით არსებული სუსტი, მაგრამ სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი გაუგებრობები.

ამავე ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი