ახალი ამბები

რას გეგმავს საპატრიარქო 2018 წლის 17 მაისს

11 მაისი, 2018 • 17815
რას გეგმავს საპატრიარქო 2018 წლის 17 მაისს

საქართველოს საპატრიარქომ 2018 წლის 17 მაისს გასამართი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა:

  • 10:00 საათზე – დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები);
  • 11:30 სააათზე – სხვადასხვა გვარები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან;
  • 12:00 საათზე – დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან;
  • 12:00 საათზე – პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ, ქაშუეთთან დალოცავენ მრავალშვილიან (ექვს შვილიანი) ოჯახებს;
  • 13:00 საათზე – ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ;
  • 14:00 საათისთვის – მსვლელობის მონაწილეებს სამებაში ილია მეორე დახვდება. პატრიარქი სამადლობელი პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

საპატრიარქოს ჩოხოსნები ასევე გეგმავენ, რომ 17 მაისს საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერები გამართონ. როგორც ჩოხოსნებმა ნეტგაზეთს განუცხადეს, დაახლოებით 400 წყვილი დაიწერს ჯვარს.

ყველა სიახლე 17 მაისთან დაკავშირებით

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს. მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მიიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა. 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეა.

საპატრიარქოს ღონისძიებების პარალელურად, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება აქცია, სახელწოდებით “გავიაზროთ 17 მაისი”. აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი. აქციას მართავენ კავშირი “საფარი”, “თეთრი ხმაური მოძრაობა”, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”, “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი”, “თემიდა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა მწვანეები” და “თანასწორობის მოძრაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი