ახალი ამბები

სესიაშვილი: ვფიქრობ, არასწორად იქნა აღქმული, ივანიშვილი არ წასულა პოლიტიკიდან

11 მაისი, 2018 • 1424
სესიაშვილი: ვფიქრობ, არასწორად იქნა აღქმული, ივანიშვილი არ წასულა პოლიტიკიდან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ არასწორად აღიქვა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა და შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება.

“ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არასწორად არის აღქმული, იმდენად, რამდენადაც ბატონი ბიძინა არ ბრუნდება ხელისუფლებაში და ის არ წასულა პოლიტიკიდან. ის იყო და არის ქართული ოცნების დამფუძნებელი. მისი პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად დაყენება და არჩევა განპირობებულია იმით, რომ ჩვენი პარტია, ქართული ოცნება გაძლიერდეს. პარტიას სჭირდება იმ სტანდარტის მიღწევა, რომელიც არის მიღებული ევროპული პარტიებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, ქართულმა ოცნებამ არჩევნებში შეძლოს ქართველი ხალხის სურვილის, მოთხოვნების გატარება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – უთხრა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში, სადაც დღეს, 11 მაისს, პარტია “ქართული ოცნების” მეხუთე პარტიული ყრილობა იმართება.

“ის ქართული ოცნების დამფუძნებელი იყო, პარტიის წევრი იყო, ყველა ყრილობას ესწრებოდა, შესაბამისად, ის, ვინც პოლიტიკურ პროცესებში, პოლიტიკური პარტიის ცხოვრებაში არის ამ პროცესის თანამონაწილე, თავისთავად ცხადია, ის არ წასულა “ქართული ოცნებიდან”. პოლიტიკაში მისი ყოფნა ვიგულისხმე, რომ ის არის “ქართული ოცნების” დამფუძნებელიც და წევრიც”, – თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

11 მაისის ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად აირჩევენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი